
პარლამენტი საარჩევნო სიების დაზუსტების საკითხს განიხილავს
(თბილისი, 27 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება წარმოადგინა ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით.
მომხსენებლის თქმით, არჩევნებამდე პირველ რიგში უნდა ამომრჩეველთა სიები უნდა დაზუსტდეს. “ამისათვის სიები წინასწარ უნდა შედგეს, რაც არჩევნების მართებულად ჩატარების ძირითადი წინაპირობაა”, – განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, 1 აპრილიმდე შსს საპასპორტო და სავიზო ეროვნულმა ბიურომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს ყველა იმ პიროვნების ვინაობა, რომელსაც 1 ნოემბრამდე 18 წელი შეუსრულდება. ასევე იუსტიციის სამინისტრომ ყველა გარდაცვლილი ადამიანის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მსჯავრდებულთა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მყოფთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილთა სიები უნდა წარადგინონ.
1 მაისამდე ცსკო-მ ამ მონაცემების მიხედვით უნდა შეადაროს და შეადგინოს წინასწარი სიები. პარლამენტმა კი ამ პერიოდში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შეიტანოს.
საკითხის განხილვამ სხდომაზე ცხარე კამათი გამოიწვია.