ახალი ამბები

კრიმინალური ვითარების გაუარესება მოსახლეობას შიშს გვრის

დანაშაულის ზრდა ხელისუფლებისადმი უნდობლობას აძლიერებს

“საშინელი ვითარებაა შექმილი, როცა გარეთ გავდივარ არანაირად არ ვგრძნობ თავს დაცულად, არ ვიცი რა მომივა. განსაკუთრებით მდგომარეობა ბოლო დროს გამძაფრდა, დანაშაული ადრეც ხდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბით და ასე ღიად, თავდასხმები უდანაშაულო მოსახლეობაზე და უმოწყალოდ ახალგაზრდების ხოცვა არასდროს ყოფილა. ამაზე საშინელება არაფერია, რომ შვილს გარეთ უშვებ და არ იცი მას რა გადახდება თავს და დაგიბრუნდება თუ არა იგი ცოცხალი” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თბილისელმა მაია მათეთაშვილმა.

მოსახლეობის მხრიდან ამგვარი შეფასებები ამ ბოლო დროს ხშირად გაისმის. საქართველოს სხვადასხვა რაიონში და განსაკუთრებით თბილისში გახშირდა თავდასხმები, დაყაჩაღება და მკვლელობა.

დანაშაულის ზრდაზე სტატისტიკაც მეტყველებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2003 წლის იანვრის თვეში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 32-ს აღემნატება, რაც სამინისტროს მონაცემებით შარშანდელზე გაცილებით მეტია. არაოფიციალური მონაცემები კიდევ უფრო შემაშფოთებელი იქნება.

ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამწვავებას 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით ამ ქმედებებს სათანადო შეფასება უნდა მიეცეს და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდეს.

“საქართველოში დანაშაული კი არ კლებულობს არამედ მატულობს, რაც მიუღებელია და უნდა აღიკვეთოს. სამართალდამცავებმა უნდა დაიწყონ კრინინალის წინააღმდეგ ბრძოლა” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

შექმნილმა გარემოებას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობას სამართალდამცველებისადმი ნდობა აქვს დაკარგული. საზოგადოების მოსაზრებით, მთავარი დამნაშავე ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგამოები არიან, რომლებიც სათანადოდ არ ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას და ხშირად თავად იდენენ დანაშაულს.

“კომუნისტების დრო კარგი იყო თუ ცუდი, ერთი კი ცხადი იყო, რომ ხლახს მშვიდად შეეძლო გარეთ გასვლა, ქალიც, რომ გასულიყო საღამოს საათებში გარეთ ვიცოდით, რომ ეს უსაფრთხო იყო. მილიციას, რომ ვხედავდით ქუჩაში ვიცოდით, რომ გვიცავდა, ახლა კი პირიქითაა პოლოციის უნდა გეშინოდეს, ვინაიდან არ იცი რა შარში გაგხვევს, მათი მხრიდან ხშირად ხდება უკანონოდ დაპატიმრება,” უთხრა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა ლალი გიგილაშვილმა.

თავად სამართალდამცველები მართალია აღიარებენ, რომ დანაშაულის რიცხვმა იმატა, თუმცა შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.

“უბრალოდ საინფორმაციო ფონია შექმნილი. ეს თქვენს [ჟურნალისტები] მიერ არის გამუქებული კრიმინოგენული ვითარება, თორემ რეალურად არც ისეთი მძიმე მდგომარეობაა,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა.

გომელაურის განცხადებით წელს კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით არ არის კარგი ვითარება, მაგრამ გასულ წლებშიც არანაკლები კატეგორიის დანაშაულებები ხდებოდა. “არ უნდა დაგვავიწყდეს გასულ წლებში რამდენი ადამიანის გატაცება მოხდა, ასევე დაყაჩაღება. ახლა ის მაინც შევძელით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გავხსენით. ყველაფრის ამჟამინდელ მინისტრზე გადაბრალება არ შეიძლება”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პაატა გომელაურმა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციები კრიმინოგენული ვითარების გართულებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს, რათა საზოგადოებაზე ზეწოლა მოხდეს.

“ეს ყველაფერი ხელისუფლებიდან მომდინარეობს. როცა ციხიდან კრიმინალებს გამოუშვებ [თემურ ხაჩიშვილი] და ისინი კი პარტიებს [“დათვი”] შექმინან, ასეთ ქვეყანაში სხვა რას უნდა ელოდო, ამით მცდელობაა საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლა მოახდინონ” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “თავისუფლების ინტიტუტის” გამგეობის წევრმა დავით ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას, როცა სურს ხელისუფლებას კარგად შეუძლია კრიმინალის აღკვეთა და ქვეყანაში სიმშვიდის დამყარება. “ასე იყო 1995 წელსაც, როცა სიტუაცია დარეგულირდა. ამით ამაყობს საქართველოს პრეზიდენტი დღემდე. ახლა კი რაც ხდება როგორც ჩანს ხელისუფლებას აწყობს და განზრახ ძაბავს ვითარებას, რათა შემდეგ გამოასწოროს მდგომარეობა და ამით მთავრობამ ქულები დაიწეროს” – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ყველაფერს აკეთებენ. Pაატა გომელაურის განცხადებით პოლიციის ოპერატიული ჯგუფები თბილისში გაძლიერებულ პატრულირებას ახდენენ. “არსებობს პრეზიდენტის საიდუმლო ბრძანებულება, რომელიც კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებას ისახავს მიზნად და რომლის აფიშირებას მე არ მოვახდენ, მაგრამ მის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს,” განაცხადა პაატა გომელაურმა.

ხელისუფლების მხრიდან საიმედო განცხადებების მიუხედავად მოსახლებაში მაინც პესიმისტური განწყობა მძლავრობს. “ახლა ისეთი დრო დადგა, რომ მზად ვარ ვიშოვოთ თანხები და ჩვენი შვილები მაინც გაუშვა საზღვარგარეთ, რადგან ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უფრო დაცული იქნებიან, ვიდრე საკუთარ სამშობლოში” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა ლევან ფრანგიშვილმა.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button