ახალი ამბები

სახალხო დამცველი ანგარიშით გამოდის პარლამენტში

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახალხო დამცვლი ნანა დევდარიანი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის გამო. დღეს ამის შესახებ ნანა დევდარიანმა პარლამენტში სახალხო დამცველის 2002 წლის პირველი ნახევარის ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

“გარდა ამისა, კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, როცა ადამიანებს მონურ ვითარებაში უწევთ ყოფნა და იძულებით ამუშავებენ მათ”, – განაცხადა დევდარიანმა.

მისი თქმით, მან ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას აღეკვეთათ ადამიანის სიკვდილით დასჯა. “სამწუხაროდ, აფხაზეთის ხელისუფლებისგან ამ მოთხოვნის თაობაზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, ცხინვალის ხელისუფლების განცხადებით კი ამ საკითხე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა წერილის გაგზავნის შემდეგ წელიწადნახევარზე მეტი გავიდა, ვითარება კი უცვლელია”, – განაცხადა დევდარიანმა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ეროვნებით ქართველი პირისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია 25 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ელენე თევდორაძემ გააკეთა.

მსგავსი/Related

Back to top button