ახალი ამბები

სახელისუფლებო პარტიის ინიციატივა პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა

(თბილისი, 25 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ წარმოადგინა დადგენილების პროექტი, რომელიც ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების მხილებას და მათ წინააღმდეგ ზომების მიღებას ისახავს მიზნად.

“საჭიროა დადგნიდეს, არსებობს თუ არა ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, ასევე უნა გაირკვეს საიდან ფინანსდებიან ეს დაჯგუფებები და უკავშირდებიან თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას”, – განაცხადა ვიტალი ხაზარაძემ.

მისი თქმით, პარლამენტმა ამ დადგენილების მიღებით, უნდა დაავალოს უშიშროების, შს სამინისტროებს, პროკურატურას და კონტროლის პალატას ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ ინფორმაცია.

ოპოზიციური ფრაქციები ამ დადგენილების პროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ. “გაერთიანებული დამოკრატების” წევრმა ხათუნა ხოფერიამ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ გაუგებარია, რა ფორმით უნდა მოხდეს არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების გამოვლენა და მათი დაფინანსების საკითხის გარკვევა.

“ეს არის პოლიტიკური “ინტრიჟკა”, სახელისუფლებო პარტიას სურს შექმნას შტაბეჭდილება, რომ ცდილობს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გარკვევას, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა ოპოზიციური პარტიების დარბევის ფაქტების გამო”, – აცხადებს ხოფერია.

ხაზარაძის ასევე წამოაყენა წინადადება, რომ შეიქმნას დეპუტატების ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საკითხებს.

დეპუტატების მოსაზრებით, ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა სპეციალური დადგენილების მიღება სავალდებულოდ არ მიიჩნიეს. “ამისათვის არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული დადგენილების მიღება, დავავლოდ შესაბამის უწყებებს არსებული ვითარების შესწავლა და შემდეგ პარლამენტს მიაწოდონ ინფორმაცია”, – განაცხადა ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ.

“აღორძინების” წევრმა სანდრო ბრეგაძემ კი პარტია “მოქალაქეთა კავშირი” არსებულ კანონიერ სტრუქტურებთან კავშირში და მათი დახმარებით არჩევნებში გამარჯვების მცდელობაში დაადანაშაულა.

“ჩვენ შეიარაღებულ ვითარებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ არამედ იმაზე, რომ 1999 წლიდან მოყოლებული “მოქალაქეთა კავშირი” სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით იგებდა არჩევნებში და ახლაც არის ამის მცდელობა”, – განაცხადა ბრეგაძემ.

დეპუტატები მზად არიან შექმნან სპეციალური ჯგუფი ამ საკითხების შესასწვალად.

მსგავსი/Related

Back to top button