ახალი ამბები

თბილისი პანკისში წესრიგის შენარჩუნებას ცდილობს

ანტიკრიმინალური ოპერაციის ახალი ფაზა საზღვრის გაძლიერებასაც ითვალისწინებს

კავკასიონზე თოვლის დნობის დაწყებას, რაც ჩეჩნეთიდან შეიარაღებული დაჯგუფებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის საფრთხეს ზრდის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პანკისში ანტი-კრიმინალური ოპერაციის განახლება და რუსეთთან საზრვრის გაძლიერება მოჰყვა.

პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით ანტი-კრიმინალური ოპერაციის ახალი ფაზის მთავარი მიზანი პანკისის ხეობაში სტაბილურობის და წესრიგის შენარჩურება იქნება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ შარშან აგვისტო-ნოემბერში ჩატარებული ანტი-კრიმინალური ოპერაციის შედეგად მიაღწია.

“ეს ღონისძიებები [ოპერაციის ახალი ფაზა] ხეობაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და იქ მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების მშვიდობიან ცხოვრებას უზრუნველყოფს. ასევე ბოლომდე მოხდება ხეობაში არსებული მცირე კრიმინალური დაჯგუფებებისგან პანკისის გაწმენდა და მომავალში შეიარაღებული დაჯგუფებების ხეობაში შესაძლო გადმოსვლის აღმოფხვრა” – განაცხადა 24 თებერვალს ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ 21 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალ კვირას უშიშროების საბჭო პანკისის ხეობაში ახალი ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების გეგმას გამოხილავს.

ეს საკითხი 21 თებერვალს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე იქნა განხილული.

ჯაფარიძის თქმით, პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ღონისძიებების გააქტიურება განპირობებულია გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩეჩნეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ჯგუფების მოსალოდნელი გადმოსვლით.

“როგორც კი თოვლი დაიწყებს ლღობას, ჩეჩენი მეომრები კვლავ შეეცდებიან პანკისის ხეობაში შეღწევას”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში გაიგზავნება შინაგანი ჯარების დამატებითი ქვედანაყოფები. ანტიკრიმინალური ქმედებების ახალ ფაზაში წამყვანი ადგილი, ისევე როგორც შარშან ჩატარებულ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკავება. ოპერაციაში ასევე იქნებიან ჩართულები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტრო.

“ახალი ფაზა რაიმე განსაკუთრებული ოპერაციების ჩატარებას არ ითვალისწინებს. ამჟამად ხეობაში სტაბილურობაა. მოსალოდნელი შეიარაღებული დაჯგუფებების გადმოსვლასთან დაკავშირებით, შშს პანკისში კონტროლის გაძლიერება დაევალა. ამჟამად შინაგანი ჯარები, რომლებიც ხეობაში იმყოფებიან, ყოფელდღიურად ახორციელებენ პატრულირებას,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა.

ამის პარალელურად საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთ-საქართველოს ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთების გაძლიერებას იწყებს.

“საზღვრის გაძლიერებაში იგულისხმება დამატებითი საგუშაგოების გახსნა საზღვრის იმ სამ მონაკვეთზე, საიდანაც ყველაზე დიდია იმის საშიშროება, რომ მოხდება შეიარაღებულ პირთა შემოჭრა,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-ცენტრის ხელმძვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა დონდუამ. 

დამატებითი საგუშაგოების გახსნა გაზაფხულის პირველ ნახევარში იგეგმება. თუმცა რა რაოდენობის საგუშაგოებზეა საუბარი ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, ამჟამად პანკისის ხეობასი მხოლოდ ჩეჩენი ლტოლვილები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება. “არანაირი შეიარაღებული ჯგუფები პანკისში ამჟამად არ არიან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ ფაქტის დემოსტრირებისთვის ოფიციალური თბილისი ძალ-ღონეს არ იშურებს და ხეობაში გამჭვირვალეობის პოლიტიკას ატარებს, რისი მაგალითი ევროპარლამენტის დელეგაციის პანკისში ვიზიტია, რომელიც ხეობას ადგილზე სიტუაციის გაცნობის მიზნით 24 თებერვალს ეწვია.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button