ახალი ამბები

ელექტროენერგეტიკაში კვლავ კრიზისია

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეისთვის თბილისს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვით მიეწოდება. ამის მიზეზად ენერგეტიკოსები 500 მგვტ-იან გადამცემი ხაზი “კავკასიონის” და “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 ენერგობლოკის გათიშვას ასახელებენ.

ამ დროისთვის თბილისის უბნების უმეტესობა ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებს. ელექტროენერგია სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს მიეწოდება. ენერგიის უკმარისობის გამო დილის საათებში გათიშული იყო მეტროპოლიტენიც.
 
ენერგომომარაგების გაუარესების გამო დღეს თბილისის საკრებულომ სპეციალური სხდომა მიუძღვნა ამ საკითხს. საკრებულოს წევრები კატეგორიულად მოითხოვენ მოგვარდეს ელექტროენერგიით თბილისის უბნების მომარაგების საკითხი.

ელექტროენერგიის მომარაგების მხრივ პრობლემებია საქართველოს უმეტეს რაიონებშიც. დღეისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება თითქმის არც ერთ რაიონს და ენერგეტიკოსები ამას ენერგოსექტორში არსებული კრიზისით ხსნიან.

მსგავსი/Related

Back to top button