ახალი ამბები

თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვებით იღებს

(თბილისი, 22 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის მოსახლეობას დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ამის მიზეზი 500 მგვტ-იანი გადამცემი ხაზი “კავკასიონის” გათიშვა და რუსეთიდან ელექტროიენერგიის იმპორტის შეწყვეტაა. ასევე დილის საათებში გაითიშა “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 ენერგობლოკი.

შექმნილი ვითარების გამო დღეს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები სახელმწიფი კანცელარიაში შეიკრიბნენ. მინისტრ დავით მირცხულავას განცხადებით, ამჟამად უკვე მიმდინარეობს სამუშაოები “კავკასიონის” ხაზის ჩასართავად და საღამოს საათებში განახლდება 200-350 მგვტ-ი ელექტროენერგიის შემოტანა რუსეთიდან.

ასევე ჩაირთვება მე-9 ენერგობლოკი. რაც შეეხება ენგურჰესს, წყლის დონის დაწევის გამო მხოლოდ ორი აგრეგატის მუშაობაა შესაძლებელი, ისიც პიკის საათებში.

კანცელარიაში შემდგარ შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდების გაუმჯობესებაზე. “თბილგაზის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ცაავას განცხადებით, დღეისათვის თბილისის თითქმის ყველა უბანი მიიღებს გაზზს.

მსგავსი/Related

Back to top button