ახალი ამბები

“თბილავიამშენი” კერძო მმართველს ეძებს

საქართვლოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მომგებიან სააქციო საზოგადოება “თბილავიამშენის” აქციათა მართვის უფლების გადაცემაზე ტენდერი ცხადდება. საწარმო ერთადერთია საქართველოში რომელმაც მაღალი ხარისხის  მაჩვენებლის საერთაშორისო სერთიფიკატი მოიპოვა.

თბილავიამშენი ძირითადად სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ოთხი სახის მოდიფიკაციას აწარმოებს. მათ შორის ყველაზე თანამედროვე სუ-25 “სკორპიონია”, რომლის მოდიფიკაცია ქარხანამ ისრაელის კომპანია ერთად ჩაატარა.

თბილავიამშენი სუ-25 ტიპის თვითმფრინავის საკონსტრუქტურო-დოკუმენტაციის სრული პაკეტის მფლობელია. ის არის ერთადერთი ქარხანა, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავის ყველა დეტალს აწარმოებს და აწყობს. ამას გარდა, ქარხანაში აწყობენ მცირე ჰესებს, გათბობის ხელსაწყოებს. უკვე მოხდა ორი ჰესის რეალიზება თელავსა და ოკამში.
 
მარტის დასაწყისში სააქციო საზოგადოება “თბილავიამშენზე” ტენდერი გამოცხადდება. უკვე შედგენილია სატენდერო პირობები, რომლის მიხედვით გამარჯვებულ კომპანიას საწარმო მართვის უფლებით, 10 წლის ვადით გადაეცემა. კომპანიამ უნდა შეძლოს საწარმოს ძირითადი პროფილის შენარჩუნება, წარმოების მოცულობის გაზრდა მინიმუმ 40%-ით, აქედან პირველი 5 წლის განმავლობაში 20%-ით. მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა და მათი ხელფასების 100%-ით მომატება.

ამჟამად საწარმოს საწესდებო კაპიტალი 55 630 555 ლარს შეადგენს, ხოლო აქციათა 100% მფლობელი სახელმწიფოა.

“ჩვენი მიზანია ორიენტაცია ავიღოთ დასავლელი პარტნიორებისკენ, ეს კი ვალდებულს გვხდის საწარმოზე ტენდერი გამოვაცხადოთ, ვინაიდან, უცხოური კომპანიები თანამშრომლობაზე თავს იკავებენ, როცა იგებენ, რომ საწარმოს აქციათა 100% მფლობელი სახელმწიფოა,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “თბილავიამშენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვაჟა თორდიამ.

ამჟამად საწარმო მოლაპარაკებებს მართავს რათა ქარხანაში ამერიკული “მავერიკის” ტიპის თვითმფრინავების აწყობადაიწყოს. საწარმოს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ტენდერი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელს შეუწყობს.

“თბილავიამშენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვაჟა თორდიას განცხადებით, ტენდერის გამოცხადება არ ნიშნავს საწარმოს პრივატიზებას.

“ტენდერის პირობებში ეს ნათლად ასახულია, ჩევნ არ გვინდა პატრონი, ჩვენ გვესაჭიროება პარტნიორი”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თორდიამ.
 
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც თვითმფრინავმშენებლობის დარგში პროექტირების ან წარმოების არანაკლებ 15 წლის გამოცდილება გააჩნია, მათ შორის “სუ-25” ტიპის თვითმფრინავების.

ვაჟა თოდრიას განცხადებით კი, ასეთი გამოცდილება მხოლოდ აღნიშნულ საწარმოს და რუსეთსს გააჩნია, თუმცა იგი ეჭვობს, რომ რუსეთის რომელიმე კომპანიამ ამ ტენდერში მონაწილეობა მიიღოს.

“რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაზე არ წამოვა, ვინაიდან საკუთარი პრობლემები გააჩნია ამ სფეროში”, – აცხადებს თორდია.

ასევე კომპანიას უნდა ჰქონდეს საავიაციო მრეწველობის დარგის საწარმოს მართვის არანაკლებ 10 წლის და უცხოელ პარტნიორებთან საავიაციო მრეწველობაში ერთობლივი პროექტების განხორციელების გამოცდილებები.

როგორც ირკვევა ტენდერში მონაწილეობის მიღბას თავად საწარმოს ამჟამინდელი ხელმძღანელობაც აპირებს. თორდიას თქმით, ეს სავსებით გამართლებული და მისაღებია.

“ტენდერის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უცხოური კომპანია შემოვიდეს საწარმოში, სავსებით შესაძლებელია აქციათა პაკეტი რომელიმე ქართულ კომპანიას გადაეცეს” – განაცხადა თორდიამ.

ტენდერში მონაწილეებს 17 მარტამდე შეეძლებათ განაცხადის წარდგენა. საწარმოს ხელმძღვანელობას უკვე შედგენილი აქვს ბიზნეს-გეგმა. ტენდერს საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო ახორციელებს.

თეა გულარიდზე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button