ახალი ამბები

აფხაზები ვაჰაბიტებს რუსულ პასპორტებს აძლევენ, – აცხადებს უშიშროების მინისტრი

(თბილისი, 15 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ვაჰაბისტთა დაჯგუფება პანკისის ხეობიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა და რუსეთი მათი მხრიდან შესაძლო დარტყმას სწორედ აქედან უნდა ელოდოს”, – ასეთი განცხადება საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ვაჰაბისტებზე აფხაზეთში გაიცემა საბჭოთა ტიპის პასპორტები თავისუფლად გადაადგილებისთვის.
 
მინისტრის ინფორმაციით, აფხაზეთში არსებობს 4 შეიარაღებული დაჯგუფება, რომელთაც იარაღით რუსეთის მხარე ამარაგებს და მიმდინარებობს ერთობლივი სამხედრო წვრთნა. “მათ შორისაა ჩეჩნურ-აფხაზური და სომხურ-აფხაზური დაჯგუფებებიც” – აცხადებს ხაბურძანია.

იგი ასევე აფხაზ სამართალდამცველებს ამხელს მთელ რიგ კანონდარღვევებში და ქართველების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. “ჩემი ინფორმაციით, რუსი მაღალჩინოსნების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება სხვადასხვა შენობების და ადგილების შესყიდვა. ასევე 300-500 დოლარად ყიდიან ქართველების საცხოვრებელ სახლებს იმ მოტივით, რომ არ იხდიან კომუნალურ გადასახადებს”, – აცხადებს ხაბურძანია.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთში ვითარების დაიძაბვას “საპრეზიდენტო არჩევნების” მოახლოებასთან ერთად, “რადგან ამ პოსტის ხელში ჩასაგდებად რამდენიმე გავლენიანი პირი იბრძვის. უპირატესობით კი ჯერ-ჯერობით საგარეო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი რუსლან არძინბა და პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი აშბა სარგებლობენ”, – აცხადებს ხაბურძანია.

უშიშოროების მინისტრი თავის მოხსენებაში ასევე შეეხო “სამხრეთ ოსეთში” მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, აქაც ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის გავლით რუსეთიდან შემოტანილია სამხედრო აღჭურვილობა. “ამას საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიის დაწყებით ხსნიან, რაც აბსურდია”, – თქვა ხაბურძანიამ.

მინისტრი მომხრეა, რომ აფხაზეთში და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე ჩატარდეს პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის მსგავსი ღონისძიება, თუმცა აცხადებს, რომ ამ საკითხების მოგვარება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

Back to top button