ახალი ამბები

პროკურატურამ დაკავებულ ჩეჩნებთან დაკავშირებით სასამართლოს ახალი დოკუმენტები წარუდგინა

(თბილისი, 12 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში აგვისტოში ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული სამი ჩეჩენი პატიმრის სასამართლო პროცესი მათლიანად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტების საქმეში ჩართვის განხილვას დაეთმო.

სასამართლოზე პროკურორმა პაატა მსხილაძემ ორი ახალი დოკუმენტი წარმოადგინა და მათი საქმეში ჩართვის შუამდგომლობა დააყენა.

ორივე დოკუმენტი, პაატა მსხილაძის თქმით, 2002 წლის ნოემბრის თვეშია გამოგზავნილი რუსეთის პროკურატურიდან, თუმცა როგორც სასამართლოზე ჩეჩნების ადვოკატებმა გამოარკვიეს, ერთი დოკუმენტი რუსეთის ფერდერაციის ჩრდილოეთ კავკასიის პროკურატურის სამმართველოს უფროსის, მეორე კი მოადგილის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტებია საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე.

დოკუმენტების ქსეროასლები დღეს პაატა მსხილაძემ მოსამართლეს და დამცველებს გადასცა. არც ერთ დოკუმენტში ასახული არ არის ჩეჩნების ექსტრადირების თხოვნა. “ეს დოკუმენტები ჩვენთვის გაუგებარია, რა საფუძველზე წარმოჩინდა, ან აქამდე რატომ არ მოხდა მათი საქმეში ჩართვა. ამასთანავე დოკუმენტში ასახულია დაკავებულ პირთა ვინაობა და არ არის მოთხოვნა მათი რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას დაკავებულთა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

საწინააღმდეგოს აცხადებს პაატა მსხილაძე და ამტკიცებს, რომ ჩეჩნების ექსტრადირების ამსახველი დოკუმენტი საქმეში უკვე არსებობს.
 
სასამართლომ ერთი დღე ითხონა ამ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. სასამართლო პროცესი 13 თებერვალს გაიმართება.

დღეს სასამართლოს საბოლოო დასკვნა უნდა გამოეტანა, თუმცა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განხილვის გაგრძელება და საკითხის დაეტალურად შესწავლა მოითხოვა. მოსამართლის განკარგულებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა დაკავებულ ჩეჩენების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება, აქვთ თუ არა მათ ლტოლვილის სტატუსი.

მსგავსი/Related

Back to top button