ახალი ამბები

სახელმწიფო მზად არის დახმარება გაუწიოს “ეი-ი-ეს თელასს”

(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო ბიუჯედიტან “ეი-იე-ს თელასს” 2 მლნ ლარი გამოეყოფა, რაც “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 ენერგობლოკისთვის ბუნებრივი აირის შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში შემდგარ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ამ თანხის გამოყოფა ბიუჯეტში ენერგეტიკის სფეროს სუბსიდირებისთვის განკუთვნილი 37 მლნ ლარიდან მოხდება.

როგორც შეხვედრაზე “ეი-ი-ესის” გენერალურმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა განაცხადა, მე-9 ენერგობლოკისთვის გაზის შესაძენად 5 მლნ ლარია საჭირო.  ამ თანხის ნაწილს აშშ-ს განვითარების სააგენტო “იუსაიდი” გამოყოფს.

თანხების უქონლობის მიზეზად ირიბარენი მოსახლეობის მიერ გადაუხდელობასა და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს ადანაშაულებს, რომელიც მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდის წინააღმდეგ გამოდიოდა და მოსახლეობას მოუწოდებდა არ გადაეხადა ეს თანხა. ირიბარენის თქმით, ამან გაართულა თანხების მობილიზება.

ბიუჯეტიდან თანხის სუბსიდირების წინააღმდეგ გამოდის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. მას გაუმართებლად მიაჩნია ასეთი ქმედება და აცხადებს, რომ ეს თანხა გათვალისწინებული იყო “თბილგაზისთვის”.

“ჩემი აზრით ეს ქმედება მიუღებელია, როცა ისედაც მწირ ბიუჯეტში თანხების ჩამოკლება ხდება”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

კანცელარიაში მიღწეული შეთანხმება დღესვე  იურიდიულ დოკუმენტად გაფორმდება. 

Back to top button