
თავდაცვის სამინისტრო ხევსურეთში ადგილობრივი მოსახლეობისგან მობილურ რაზმს ქმნის
(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ხევსურეთის სოფელ ბარისახოში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ქვედანაყოფები იქმნება, რომელიც რეგიონის საზღვრების პატრულირებას განახორციელებს. ამ ინიციატივით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოდის. ქვედანაყოფები უშუალოდ სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და იარაღით მომარაგებაც სამინისტროს კომპეტენციაში შედია. “ეს ქვედანაყოფების დახმარებით სამინისტრო სიტუაციის გართულების შემთხვევაში შეძლებს სწრაფ მობილიზებას და შესაბამისი ღონისძნებების გატარებას” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის მოადგილემ გია ჟორჟიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, ბარისახოს მოსახლეობასთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასეთი ქვედანაყოფები უკვე მე-3 წელია არსებობს კოდორის ხეობაში. ჯერჯერობით სხვა რეგიონში ასეთი ქვედანაყოფების შექმნა დაგეგმილი არ არის.