
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზრდება
(თბილისი, 1 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზ “კავკასიონზე” აღდგენითი სამუშაოები დღეს საღამოს დასრულდება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს.
ხაზზე აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი სრული მოცულობით შესრულდება. საქართველოს ენერგოსისტემა ამ დროისთვის რუსეთიდან სარაზერვო ხაზის მეშვეობით მხოლოდ 70 მგვტ ენერგიას იღებს. ხაზის აღდგენის შემდეგ კი 150 მგვტ-ს მიიღებს.
“კავკასიონის” ხაზი 30 იანვარს სვანეთის ერთ-ერთ სოფელთან დაუდგენელი პირების მიერ დაცხრილვის შემდეგ გაითიშა. ამის მიზეზად ადგილობრივი მოსახლეობა ხაზიდან გამოსხივებას ასახელებს. სვანეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი გამოსხივების გამო ფულად კომპენსაციას მოითხოვს.
ასეთი შემთხვევა “კავკასიონის” ხაზზე ადრეც რამდენჯერმე დაფიქსირდა.