ახალი ამბები

საქართველო გაეროს აფხაზეთში მეშვიდე თავის ამოქმედებას თხოვს

(თბილისი, 1 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “იმ პირობებში როდესაც აფხაზური მხარე პრაქტიკულად უარს აცხადებს პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმართვაზე, ვფიქრობთ დროა გაეროს წესდების VII თავით გათვალისწინებული ზომების განხილვაც,” ნათქვამია გაეროში საქართველოს ელჩის რევაზ ადამიას მიერ უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წელიში.

ადამიას განცხადებით “აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის რეალურად ასამოქმედებლად”. იგი აფხაზეთში გაეროს ეგიდით ეფექტური სამშვიდობო ოპერაციის დაწყების მოითხოვს.

თავის წერილში საქართველოს ელჩი შეშფოთებას და პროტესტს გამოთქვამს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების გამო.

“ორი კვირის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა უშიშრეობის საბჭოს არ მოერიდოს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები. მე მწამს, რომ ეს მიმართვა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის პროცესსაც გულისხმობს. ცხადია, რომ არსებული სტატუს-ქვო მიუღებელია,” ნათქვამია რევაზ ადამიას წერილში.

Back to top button