
სემეკ-ის მოთხოვნა არ სრულდება
(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ეი-ი-ესი” თბილისის მოსახლეობასთან სამომხარებლო ხელშეკრულებებს აფორმებს, თუმცა ეს პროცესი ჭიანურდება. ამ დროისთვის 400 ათასი აბონენტიდან მხოლოდ 18-თან არის დადებული ხელშეკრულება.
“ეი-ი-ეს”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლის სოფო ბრიტანჩუკის თქმით, პროცესის გაჭიანურების მიზეზი ის არის, რომ არც ერთი მხარისთვის ეს პროცესი საჭირო არ არის. “კომპანიას საკუთარ აბონენტთან თანამშრომლობის გარკვეული მექანიზმი აქვს შემუშავებული, ხელშეკრულების გაფორმება კი სემეკ-ის (საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია) დადგენილების შემდეგ გახდა სავალდებულო” – განაცხადა სოფო ბრიტანჩუკმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.
მოსახლეობის დიდი ნაწილიც სათანადოდ არ არის ინფორმირებული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ვინაიდან კომპანიის რაიონულ ბიზნეს-ცენტრებში არ არის გამოკრული ხელშეკრულების სრულყოფილი დოკუმენტი.
ხელშეკრულების პირობები ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 2002 წლის სექტემბრში “ეი-ი-ეს”-თან ერთად შეიმუშავა. პირობები მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთდამოკიდებულებას განსაზღვრავს. პირობებში ჩადებულია კომპანიის მხრიდან მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფა, აბონენტის მხრიდან კი მოხმარებული ენერგიის საფასურის დროული გადახდა.
კომპანია ამჟამად თბილისის უბნებში გამრიცხველიანებას ახდენს. ამისათვის 9 მლნ დოლარია გამოყოფილი. დღემდე გამრიცხველიანებულია მოსახლეობის 80%.