ახალი ამბები

მოსკოვში ვიზიტის შედეგებით ნინო ბურჯანაძე პარლამენტის წინაშე წარდგა

(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს დელეგაციამ მოსკოვში ვიზიტისას შეძლო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნება, რომ რუსული პასპორტების გაცემა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთთან მხოლოდ ჰუმანიტარული აქტი არ არის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საკანონდმებლო ორგანოს დღევანდელ სხდომაზე მოსკოვში თავისი ოთხდღიანი ვიზიტის შედეგებზე საუბრისას.

ბურჯანაძის თქმით, ქართულმა დელეგაციამ მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი ნაბიჯები საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფაა.

ამ ვიზიტის შედეგად ბურჯანაძემ დაასახელა ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის განკარგულებით დროებით შეჩერდა რუსული პასპორტების გაცემა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსკოვის შეხვედრებზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ ბოლო დროს ქართული მხარის პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში გარკვეულწილად შეიცვალა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თბილისი მზად არის რკინიგზის განახლებაზე საუბრისთვის, ოღონდ ამის პარალელურად უნდა მოხდეს პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის დაჩქარება და დევნილების დაბრუნება აფხაზეთში.

Back to top button