
ახალი ამბები
რუსეთმა საქართველოს შევარდნაძეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი გადმოსცა
(თბილისი, 28 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს რუსეთმა საქართველოს ორი დაკავებული გადმოსცა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1998 წლის 9 თებერვალს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაში.
დეკემბრის შუა რიცხვებში რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე სოსო თორია და ვეფხია დურგლიშვილი, რომლებიც ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს მადლობა მოუხადა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა გადმოცემის გამო.
1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძის კორტეჟზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პრეზიდენტის დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.