
ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაცია შეშფოთებულია საქართველოში ჩეჩნების უფლებების დარღვევით
(თბილისი, 24 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჰელსინკის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ეთნიკური ჩეჩნების უფლებების დარღვევისა და ამ დარღვევების გამართლების გამო, როგორც ანტიტერორისტული მოქმედებებისთვის საჭირო ზომებისა”, – ნათქვამია ფედერაციის პრესრელიზში, რომელიც 23 დეკემბერს გავრცელდა.
ჰელსინკის ფედერაციისამ განცხადებამ გაიჟღერა ოქტომბერში რუსეთისთვის საქართველოს მიერ 5 დაკავებული ჩეჩენის გადაცემასა და დეკემბერში თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტული ოპერაციასთან დაკავშირებით, როცა სამართალდამცავებმა თბილისში მცხოვრები ჩეჩნების დიდი ნაწილი დააკავეს და თითის ანაბეჭდები აუღეს.
“რუსეთში ჩეჩნების ექსტრადიცია სასამართლოს დადგენილების გარეშე განხორციელდა, გარდა ამისა, რუსეთს დაპირდნენ უახლოეს მომავალში სხვა პირების გადაცემასაც, რომლებიც რუსეთის ხელისიფლების მიერ იძებნებიან. ეს ქმედებები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციას და ევროსაბჭოს ნორმებს”, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
ფედერაცია ასევე აცხადებს, რომ დაფიქსირებულია უამრავი დარღვევა ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, როცა დაკავებულებს ადვოკატებთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ და ახდენდნენ მათ დაშინებას.
“დაკავებულებისგან თითების ანაბეჭდებს იღებდნენ, როგორც ეჭვმიტანილებისგან, ოღონდ სასამართლოს ნებართვის გარეშე”, – ნათქვამია პრესრელიზში.