ახალი ამბები

პარტიზანების მიერ დაკავებული 8 სომეხი უშიშროებამ გაათავისუფლა

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველი პარტიზანების მიერ ენგურის ხიდთან რამდენიმე დრის წინ დაკავებული სომეხი ეროვნების 8 პირი, რომლებიც მოგვიანებით გალის უშიშროების სამინისტროს გადასცეს, მათის ვინაობის გადამოწმებისა და დადგენის შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრმა ლევან კიკნაძემ აცნობა, დაკავებულები ახალქალაქის მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც ახალქალაქის რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. კიკნაძის ინფორმაციით, ისინი ამ ბაზიდან ბომბორას აეროპორტში მიავლინეს.

მანამდე პარტიზანთა ერთ-ერთი ლიდერი დავით შენგელია აცხადებდა, რომ ეს პიროვნებები შესაძლოა ბაგრამიანის ბატალიონის წევრები ყოფილიყვნენ, რომელთაც ახალი პროვოკაციისთვის ამზადებდნენ.

ლევან კიკნაძის თქმით, ეს პიროვნებები არ აღმოჩნდნენ ბაგრამიანის ბატალიონის წევრები და ამიტომ ისინი გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, მათ რუსულ ჯარში 8-10-15 წელი აქვთ ნამსახურები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი მცდელობა რუსული სამხედრო უწყებების მხრიდან, რომ ქართველებსა და სომხებს შორის პროვოკაცია მოაწყონ.

Back to top button