
სპორტსმენები წესრიგის დამყარებას მოითხოვენ
(თბილისი, 22 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს სპორტის დეპარტამენტში ქართველი სპორტსმენებისა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც შეშფოთება გამოთქვეს დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის კახი ასათიანის მკვლელობის გამო.
სპორტსმენებმა განაცხადეს, რომ დღემდე გაუხსნელი რჩება კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის დუდუ დადიანის მკვლელობისა და კახი კალაძის ძმის ლევან კალაძის გატაცების საქმეები, და ამას დაემატა კახი ასათიანის სასტიკი მკვლელობა.
შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კახი ასატიანის დაკრძალვის შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებენ სამართალდამცავების უმოქმედობის გამო, რამაც ტრაგიკული შედეგები გამოიწვია.
20 ნოემბერს თბილისის ცენტრში საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს სპორტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, კომპანია “აირზენას” ვიცე-პრეზიდენტი კახი ასათიანი. მკვლელები მიიმალნენ.