ახალი ამბები

საკრებულო ქალაქის მერის წინააღმდეგ

შევარდნაძე ზოდელავას ზურგს უმაგრებს

როგორც მოსალოდნელი იყო თბილისი საკრებულომ დედაქალაქის მერს უნდობლობა გამოუცხადა. თუმცა პრეზიდენტი შევარდნაძე საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას უგულებელყოფს.

თბილისის საკრებულომ, სადაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგე ძალებს აბსოლიტური უმრავლესობა გააჩნიათ, შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლა დედაქალაქის ხელისუფლებიდან დაიწყო. პირველი დაპირისპირება საკრებულოს გამარჯვებით დასრულდა.

15 ნოემბერს საკრებულოს მოთხოვნის შემდეგ თანამდებობები დატოვეს თბილისის სამივე ვიცე-პრემიერმა და მერიის კიდევ რამოდენიმე ჩინოვნიკმა. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ვანო ზოდელავას, საკრებულომ მას უნდობლობა გამოუცხადა. თუმცა, მერის მოსახსნელად, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, თვითმართველობის ორგანოს საკანონმდებლო კომპეტენცია არ ჰყოფნის. ამიტომაც, საკრებულომ საქართველოს პრეზიდენტს მერის გადაყენების რეკომენდაციით მიმართა, რითაც პირდაპირ პრეზიდენტს დაუპირისპირდა.

“ნაციონალური მოძრაობა” და “ლეიბორისტები”, რომლებიც საკრებულოს უმრავლესობას შეადგენენ, დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოში “თბილისი შევარდნაძის გარეშე” ლოზუნგით მოვიდნენ. ამიტომ პრეზიდენტის რჩეულთან (ზოდელავა) დაპირისპირება მათი პოლიტიკური ღირსების საკითხი იყო.

თბილისი მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულოს თხოვნა პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა. “მიმაჩნია, რომ ვანო ზოდელავას გადაყენება მიზანშეუწონელია,” განაცხადა შევარდნაძემ 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, როგორც მოსალოდნელი იყო საკრებულოში კიდევ უფრო მეტი განრისხება გამოიწვია. “ჩვენი მიზანი თბილისის კლანებისგან გაწმენდაა, რომელსაც ხელს ზოდელავა და შევარდნაძე აფარებენ. თბილისი თბილისს აღარ ჰგავს. ამაში დამნაშეევები ახლანდელი ხელმძღვანელები არიან” _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.

ზოდელავას იმპიჩმენტის საკითხი ლეიბორისტულმა პარტიამ ჯერ კიდევ სექტემბერში დააყენა. “ჩვენ  პარტიას (ლეიბორისტებს) აქვს ზოდელავას მამხილებელი ფაქტები. მისნაირი მერი არც ერთ ქალაქს არ უნდა ჰყავდეს. ჩვენ მის გადასაყენებლად საკრებულოში ყველაფერს გავაკეტებთ” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საკრებულოს მდივანმა ზურაბ ჟვანიამ.

“ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს გადაწყვეტილები, მათ შორის ზოდელავას განთავისუფლება, თავად პრეზიდენტმაც უნდა გაითვალისწინოს,” _ განაცხადა თბილისის საკრებულოს არჩევნებში მესამე ადგილზე გასულმა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

თავად ზოდელავა საკრებულოსთან მკვეთრ დაპირისპირებას ერიდება და იმედს გამოთქვამს, რომ თვითმმართველობის ორგანოსთან თანამშრომლობას შეძლებს. იგი პარლამენტითვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შეთავზებას აპირებს. “მინდა, პარლამენტს ვთხოვო, რომ დააკანონოს თბილისის მერის არჩევითობა და მერს პრეზიდენტი აღარ ნიშნავდეს” _ აღნიშნავს ვანო ზოდელავა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.
“ზოდელავას რომ მერის არჩევნები სდომოდა, ამ საკითხს მთავრობის  სხდომზე ერთხელ მაინც დააყენებდა. მთავრობა კი პარლამენტს საკანობნმდებლო ინიციატივიტ მიმართავდა. ახლა რატომ გაახსენდა ზოდელავს მერის არჩევნების მიზანშეწონილობა?” _ კითხულობა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ლევან გაჩეცილაძე.

საკრებულოს ამ ხმაურიანი მუშაობის ფონზე 18 ნოემბერს მერიის შენობის წინ მცირერიცხოვანი აქციები მიმდინარეობდა. ვანო ზოდელავას 200-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა. თუმცა, როგორც სააკაშვილი ამტკიცებს, უმრავლესობა თბილისის იმ რაიონულ გამგეობეს წარმოადგენდა, რომლებსაც დედაქალაქის მერია აკონტროლებს.

“სპეციალურად დავტოვე საკრებულოს სხდომა და აქციის მონაწილეტა სანახავად გარეთ გავედი. დავრწმუნდი, რომ იქ მხოლოდ თავდ კორუმპირებულები იყვნენ შეკრებილები ან გამგეობებიდან იძულებით თუ მოტყუებით გამოყვანილი ხალხი,” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მიხეილ სააკაშვილმა.

საკრებულოს მუშაობის წყნარად წარმართვას პერსპექტივა არ უჩანს. სულ უფრო და უფრო იძაბება სხდომები. ეს მაშინ, როცა დედაქალაქი თავის რჩეულებისგან დანაპირებს _ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის უფასო სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ამოქმედებას, ხელფას-პენსიების გაზრდას ელის.

“ძნელია, განჭვრიტო მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ დაძაბულობების მიღმა პრეზიდენტი შევარდნაძე დგას. მას სურს დესტაბილიზაცია შექმნას, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა და მის საფუძველზე ქვეყნის სათავეში ყოფნა გაიხანგრძლივოს. კონსტიტუციით, მას პრეზიდენტად მესამედ ვეღარ აირჩევენ და მის საპირველპიროდ ვერც ახალ თანამდებობებს შემოიღებენ” _ ამბობს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ბესო ჯუღელი.

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button