ახალი ამბები

“წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამით ახალი ბატალიონი იქმნება

(თბილისი, 11 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში უკვე მეორე ბატალიონს აყალიბებს. 11 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიიღება ახალ ბატალიონში მსახურობის მსურველთა განცხადებები.

მომდევნო ერთ თვეში ისინი საჩხერეში შემოწმდებიან და მათგან საუკეთესო მონაცემების მქონე 450 სამხედრო მოსამსახურე უკვე ბატალიონში ჩაირიცხება.

შემოწმებას არ გაივლიან საბრძოლო მოქმედებში ნამყოფი პირები.

ჯარისკაცებს დაემატებიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ოფიცრები და შეიქმნება 500-კაციანი ბატალიონი. ბატალიონი “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამით თბილისთან ახლოს, იაღლუჯის ბაზაზე 6-თვიან წვრთვნებს გაივლის. სამხედროთა ხელფასები 400-800 ლარი (180-360 დოლარი) იქნება. 

დაგეგმილია კიდევ 2 ბატალიონის გაწვრთვნა. “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება. ამისათვის ვაშინგტონმა საქართველოს 64 მილიონი დოლარი გამოუყო.

თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

ამჟამად წვრთვნებს მხოლოდ ერთი, 550-კაციანი ბატალიონი გადის. მათთვის პროგრამა 10 დეკემბერს დასრულდება. “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამა 2003 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში საერთო ჯამში 2000 სამხედრო პირი მიიღებს მონაწილეობას.

Back to top button