ახალი ამბები

აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე გაერო კიდევ ერთ წარმოადგენელს აგზავნის

(თბილისი, 8 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე სამუშაოდ 8 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური მდივნის “მენეჯმენტ ჯგუფის” მაღალი თანამდებობის პირი ჟან-მარე გენო.

გაეროს წარმომადგენელს შეხვედრები ექნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედხრები სოხუმის ხელისუფლებასთან.

შეხვედრებზე ქართული მხარე სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციის საკითხის დაყენებას აპირებს.

აფხაზეთში 1992 წელს დაწყებული კონფლიქტის მოგვარებით გაერო 1994 წლიდან დაინტერესდა. საქართველოში მუშაობა დაიწყო გაეროს დამკვირვებელთა მისიამ. კონფლიქტის ზონაში დღეს უკვე გაეროს 108 დამკვირვებელი მუშაობს. ამასთანავე, ამოქმედდა გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი.

აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე გაერომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ დღემდე არ შესრულებულა ორი ძირითადი პირობა: 260 ათასი ქართველი დევნილის დაბრუნება და საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა.

უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ დოკუმენტი გაეროს დამკვირვებლთა მისიამ დიტერ ბოდენის ხელმძღვანელობის დროს მოამზადა და მან “ბოდენის დოკუმენტის” სახელი მიიღო.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ჟან-მარე გენომ სოხუმის თვითაღიარებულ ხელისუფლებას ულტიმატუმის სახით უნდა მოთხოვოს “ბოდენის დოკუმენტის” ამოქმედება.

“თუ ეს დოკუმენტი კვლავ აუმოქმედებელი დარჩა, თავად გაეროს ავტორიტეტი შეილახება. ამასთან, თუკი ბატონი გენო სოხუმში უფრო კატეგრიული არ იქნება, მისი ვიზიტიც ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც ბევრი სხვა დასავლელი მოღვაწის” _ განაცხადა თამაზ ნადარეიშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.

ჟან-მარე გენოს შეხვედრა დაგეგმილი აქვს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაურთანაც.

მსგავსი/Related

Back to top button