
ევროკავშირი შოუს გამტაცებელთა დასჯას მოითხოვს
(თბილისი, 8 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ევროკომისია მოითხოვს, რომ [პიტერ შოუს] გამტაცებლები დაუყოვნებლივ მართლმსაჯულებას გადასცენ”, – განაცხადა 7 ნოემბერს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებში კრის პატენმა. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახური იტყობინება.
“ძალიან გამახარა ცნობამ, რომ მძევლობიდან გაათავისუფლეს ტასის-ის პროგრამის ბრიტანელი კონსულტანტი პიტერ შოუ, რომელიც გამტაცებლებს ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, და რომ იგი ახლა უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ბატონმა შოუმ ჩვენ გვითხრა, რომ მას აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ: ყელზე ჯაჭვი ჰქონდა ჩამოცმული, არ შეეძლო მოძრაობა და მარტო იმყოფებოდა სიბნელეში”, – თქვა კრის პატენმა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მჭიდრო კონტაქტში მუშაობდა ბრიტანეტის ხელისუფლებასთან, რომ ზეწოლა მოეხდინათ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაეთავისუფლებინათ პიტერ შოუ.
“ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლებისა იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც გუშინ ბატონი შოუს გათავისუფლებით დასრულდა”, – თქვა პატენმა.
6 ნოემბერს ქართულმა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს თითქმის 5 თვის წინ გატაცებული ბრიტანეტის მოქალაქე, საქართველოს აგრობიზნესბანკის თანადირექტორი პიტერ შოუ.