ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრს ბიუჯეტის გამო პრობლემები ექმნება

ოპოზიცია ჯორბენაძის გადადგომას ითხოვს

ოპოზიცია ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის გადადგომას მოითხოვს. ამ კვირას სახელმწიფო მინისტრს დეპუტატების კრიტიკის მოსმენა მოუწევს, როდესაც იგი პარლამენტის წინაშე 9 თბის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებით წარსდგება.

საპარლამენტო ფრაქციები “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემოკრატები”, “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის”, “ტრადიციონალისტები”, “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან – დემოკრატები” მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ოფიციალურად აყენებენ 1 ნოემბერს გამართულ ერთობლივ სხდომაზე.

საპარლამენტო ფრაქციების მწვავე შეფასების საფუძველი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიში და 9 თვის შესრულების შესახებ “არასრული და არაზუსტი” ინფორმაცია გახდა. ასევე, “საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ძირითადი დებულებებისა და პარამეტრების შეუსრულებლობა.

დავით გამყრელიძის განცხადებით 9 თვეში დაგემილი 697 მილიონი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში რეალურად მხოლოდ 596,1 მილიონია მობილიზებული. შემოსავლების კუთხით მთლიანობაში 118,3 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯვით სფეროში 131,2 მილიონი ლარია გარღვევა (სოციალური ანარიცხებისა და სპეცსახსრების ჩათვლით). “ეს მონაცემები ეყრდნობა ფინანსთა სამინისტროსა და კონტროლის პალატის ოფიციალურ დოკუმენტებს,” აცხადებს გამყრელიძე.

“ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს ინფორმაცია შეალამაზოს და მთელი სიმწვავით არ წარმოაჩინოს არსებული მდგომარეობა”, დასძენს გამყრელიძე. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ციფრები არ ასახავს სოციალური ანარიცხებისა და სპეცსახსრების თანხებს, რაც კანონდარღვევად ითვლება. ასევე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ხაზინისა და ეროვნულ ბანკის ერთამანეთისაგან განსხვავებული მონაცემები.

ე.წ “დემარშისტები” ბიუჯეტს 177 მილიონი ლარით გარღვევას უწინასწარმეტყველებენ, რადგან არარეალურად მიაჩნიათ დარჩენილ 3 თვეში ბიუჯეტის 393 მილიონით შესრულება.

“უკანასკნელ წლებში საპენსიო სფეროში მიღწეული წესრიგი დღეს რეგიონების არათანაბარი დაფინანსებით შეიცვალა; დაფინანსების გეოგრაფია საეჭვოდ ემთხვევა სახელმწიფო მინისტრის ბ-ნი ჯორბენაძის პარტიულ ვიზიტებს რეგიონებში”, აცხადებს  “გაერთიანებული დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ბარამიძე. მისი აზრით ჯორბენაძე, რომელიც “მოქკავშირის” თავმჯდომარეა, იმ რეგიონებს ანიჭებს უპირატესობას სადაც მან უკანასკნელ პერიოდში პარიული ოფისები გახსნა. 

ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი გაჟღერებულ საბიუჯეტო სტატისტიკას არ ეთანხმება, თუმცა აღიარებს, რომ უამრავი დარღვევაა.  იგი აცხადებს, რომ 9 თვის ბიუჯეტი 82 მილიონი ლარით გაირღვა. გოგიაშვილი ბიუჯეტის შეუსრულებლობის ძირითად მიზეზებად ევროკავშირის გრანტის მიუღებლობას და აჭარიდან მიუღებელ გადასახადებს ასახელებს.

“ბევრისაგან განსხვავებით, მე ეს პოსტი პირადი ანგარებისთვის არ გამომიყენებია; ნამდვილად არ ვეპოტინები იმ სკამს, რომელზეც სამწუხაროდ მიწევს ჯდომა”, აცხადებს ფინანსთა მინისტრი. იგი არ აკონკრეტებს იმ პირთა ნუსხას, ვინც ბიუჯეტიდან პირადი სარგებელი ნახა, “მოვა დრო და ამას საჯაროდ განვაცხადებ”, დასძენს გოგიაშვილი.

კონტროლის პალატის თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის თქმით, “არასახარბიელო მდგომარეობაა ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად ართულებს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული პარამეტრების შესრულებას”. კონტროლის პალატა თავის მხრივ ადასტურებს ბიუჯეტის 88,3%-ით შესრულების ფაქტს.
 
ოპოზიცია არ ივიწყებს პარლამენტის წინაშე 2002 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ავთანდილ ჯორბენაძის მიერ ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებაზე აღებულ კონკრეტულ პასუხილმგებლობას და 9 თვის თავზე პასუხს თხოვს მას მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინიტრებთან ერთად. ე.წ “დემარშისტები” დადგენილების პროექტით, რომელშიც მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი აისახება, მიმართავენ პარლამენტს 5-8 ნოემბრის სასესიო კვირაში.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Back to top button