ახალი ამბები

ჯაფარიძე მოსკოვში ჩეჩნების გაცემის საკითხს განიხილავს

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე 4 ნოემბერს მოსკოვს გაემგზავრა, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე რუსული მხარისთვის თბილისში დარჩენილი 8 დაკავებულის გადაცემის საკითხს განიხილავს.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 4 ნოემბრის ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 8 დაკავებულის გადაცემასთან დაკავშირებით გარკვეული იურიდიული პრობლემები შეიქმნა.

3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართან ახლოს 13 შეიარაღებული პირი დააკავეს. მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, თუმცა იმავე პროკურატურისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, დაკავეულთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა.

ოქტომბერში ამ ცამეტიდან ქართულმა მხარემ ხუთი რუსეთს გადასცა, რომლებიც რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკვე დაადანაშაულეს რუსეთის ორ ქალაქში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში.

ამ დღეებში თბილისის საოლქო სასამართლომ თბილისში დარჩენილ 8 დაკავებულს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა. რუსეთი კი მათ დაუყოვნებლივ გაცემას მოითხოვს, თუმცა ქართულმა მხარემ დაკავებულთა გაცემა შეაჩერა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს რეკომენდაციით, ვიდრე სასამართლო მათ საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას არ შეისწავლის.

მსგავსი/Related

Back to top button