ახალი ამბები

გაერთიანებული დემოკრატები ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებიან

ჟვანია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოგებას აპირებს

“ჩვენ გაერთიანებული დემოკრატები ვართ ის ძალა, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას. ჩვენ მზად ვართ მოვიგოთ საპარლამენტო არჩევნები და მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 1 ნოემბერს გაერთიანებული დემოკრატების მიერ მოწვეულ პირველ ეროვნულ კონვენტზე.

ზუსტად ერთი წლის წინ 2001 წლის 1 ნოემბერს ზურაბ ჟვანია თბილისში დაწყებული სახალხო მღევლარების გამო პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. სწორედ ამ დროიდან იწყება ზურაბ ჟვანიას, როგორც დამოუკიდებელი ოპოზიციონერი ლიდერის მოღვაწეობა.

თავდაპირველად ზურაბ ჟვანიამ და მისმა მომხრეებმა პარალამენტში მომცრო ფრაქცია შექმნეს, რომელსაც “გაერთიანებული დემოკრატები” უწოდეს. თუმცა, პარტიისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ადგილობრივ არჩევნებში ჟვანიასა და მის მხარდაჭერებს ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის სახელის გამოყენება მოუხდათ.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში კი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საკუთარი პარტიის დასაფუნებლად ინტენსიურად მუშაობდა. ზურაბ ჟვანია ერთი კვირის განმავლობაში საგანგებო შეხვედრებს აწყობდა მეცნიერების, კულტურის, ბიზნესის მედიცინის, პედაგოგებისა და ქალთა გაერთიანებებთან და წარმომადგენლებთან. პარტიის ლიდერთა განცხადებით, ამ შეხვედრებისას ისინი ცდილობენ თავიანთი პროგრამის სხვადასხვა მიმართულებები ამ სფეროში დასაქმებული ხალხის რჩევებისა და რეალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით ააგონ.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე კი ზურაბ ჟვანიამ “გაერთიანებული დემოკრატების” პირველი ეროვნული კონვენტი მოიწვია, სადაც ქართული საზოგადოების რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელმა ზურაბ ჟვანიას ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღუთქვა.

თბილისის სპორტის სასახლის გადავსებულ დარბაზში გაერთიანებული დემოკრატების გენერალურმა მდივანმა გიორგი გაბაშვილმა პარტიის ძირითადი პრინციპების პრეზენტაცია გააკეთა. გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენლის თქმით, მათი პროგრამა ოთხ ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული: ეროვნული მემკვიდრეობა, პიროვნული თავისუფლება, თანაბარი შესაძლებლობები და სოციალური სოლიდარობა.

კონვენტზე გამოსული ყველა პოლიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ყოველგვარი შესაძლებლობა ამოწურულია. “ჩვენ ვემიჯნებით ბოლშევიკურ აზროვნებას, იქნება ეს თბილისში, თუ იქნება ეს ბათუმში, იქნება ეს შევარდნაძიზმი, თუ იქნება ეს ასლანიზმი”, განაცხადა დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ, “გაერთიანებული დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა. “მე დავრწმუნდი, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ სჭირდება ბედნიერი ხალხი”, აღნიშნა თავის გამოსვლაში ელენე თევდორაძემ.

კონვენტზე საბოლოო სიტყვა “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა. “ჩვენ რომ 2001 წლის 1 ნოემბერს ხელისუფლებიდან არ წამოვსულიყავით, ალბათ, დღეს თქვენთან ერთად ვერ ვიდგებოდით, იმიტომ რომ შეუძლებელი არის, იყო ერთდროულად დღევანდელ ხელისუფლებასთან და ამ ქვეყნის ხალხთან ერთად”, განაცხადა თავის ემოციურ გამოსვლაში ჟვანიამ.

მან “გაერთიანებული დემოკრატების” ის სამი მიზანი ჩამოაყალიბა, სადაც ისინი “კომპრომისებს ვერ [დაუშვებენ]”, რადგან, ჟვანიას სიტყვებით რომ ვთქვათ, “კომპრომისების ლიმიტი საქართველოში უკვე ამოწურულია”. ზურაბ ჟვანიას განცხადებით, უამრავი ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრება და რჩევა სამ ძირითად თემაზე დაიყვანება: ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ჟვანიამ თავის მხარდამჭერებს რეგიონებსა და ქალაქებში მოქმედების კოორდინირებული წარმართვისათვის ე.წ. თავისუფლების კომიტეტების შექმნა შესთავაზა, რომლებიც წინ აღუდგება ხელისუფლების ძალადობისა და კრიმინალიზაციის ნებისმიერ მცდელობას.

“ჩვენ ერთად შევძლებთ რეალობად ვაქციოთ იმათი ოცნებები, ვისავ დღეს ოცნების უფლებაც აღარ აქვს”, დაასრულა თავისი გამოსვლა და პირველი ეროვნული კონვენტი ზურაბ ჟვანიამ.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button