ახალი ამბები

საოლქო სასამართლო საზღვარზე დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საკითხს განიხილავს

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 4 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლო ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 5 პირისთვის წინასწარი პატიმრობის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. დანარჩენ სამს იმ 13 პირთაგან, რომლებიც მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვართან 3-5 აგვისტოს დააკავეს, წინასწარი პატიმრობის ვადა სასამართლომ უკვე გაუხანგრძლივა.

ამ 13-დან საქართველოს ხელისუფლებამ 5 უკვე გადასცა რუსეთს. თუმცა მოსკოვი დანარჩენი 8 პატიმრის დაუყოვნებლივ ექსტრადიციასაც მოითხოვს, მაგრამ ქართულმა მხარემ თბილისში დარჩენილთა ექსტრადიცია შეაჩერა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მოთხოვნით იმ დრომდე, ვიდრე დაკავებულთა საქმეს არ შეისწავლიან.

დაკავებულებს ქართულმა მხარემ საზღვრის უკანონო დარღვევისა და იარაღისა და ასაფეთქებელი მასალის კონტრაბანდის ბრალდებები წაუყენა.

ექსტრადირებული პირები კი, რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის ორ ქალაქში მომხდარი აფეთქებების მოწყობაში დაადანაშაულეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში დარჩენილთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა და შესაძლოა, მათი ექსტრადიციის საკითხი არ დადგეს.

მსგავსი/Related

Back to top button