ახალი ამბები

პრეზიდენტი მიესალმება ახალი საკრებულოს მუშაობის დაწყებას

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “არც უფლება მაქვს და არც სურვილი, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის რომელიმე კანდიდატს დავუჭირო მხარი. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ძველ დროს უნდა დავუბრუნდეთ, როცა ყველაფერი ცენტრიდან იმართებოდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს პრეზიდენტი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.

თბილისის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ ოთხთვიანი დაგვიანებით დღეს დაიწყო მუშაობა. საკრებულოს პირველ სხოდმაზე უნდა აირჩიონ თავმჯდომარე და მდივანი. თავმჯდომარის პოსტზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ოფიციალური კანდიდატურა დასახელდა – ეს არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ასევე დასახელდებოდა ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურები.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ბრიფინგზე, იგი მიესალმება ახალი საკრებულოს მუშაობის დაწყებას და ითანამშრომლებს იმ თავმჯდომარესთან, რომელსაც საკრებულო აირჩევს.

ახალი საკრებულოს მუშაბოის დაწყება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 1 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ივნისს თბილისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების დროს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების გადათვლის შედეგები გამოაქვეყნა. თუნცა, შესაძლოა, საკრებულოს მუშაობას კვლავ პრობლემები შეექმნას, რადგან 3 ნოემბერს სოციალისტურმა პარტიამ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

მსგავსი/Related

Back to top button