ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრმა ჩათვალა საქართველოს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება

მთავრობაში კომპეტენციების განაწილებაში აშკარად დიდი პრობლემებია

ფინანსთა სამინისტრომ უგულვებელყო პარლამენტის დადგენილება თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსების 11 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ, ჩათვალა რა, რომ ის საფრთხე, რომელიც ქვეყანას გარედან ემუქრებოდა, აღარ არსებობს.

მას შემდეგ რაც 11 სექტემბრს პრეზიდენტი პუტინი საქართველოს პრევენტიული დარტყმების განხორციელებით დაემუქრა, პარლამენტმა 2002 წელს თავდაცვის ბიუჯეტის 11 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა. მაგრამ მძიმე საბიუჯეტო კრიზისის გამო ფინანსთა სამინისტრომ ვერ შეძლო თავდაცვის სამინისტროსათვის ამ დამატებითი სახსრების თავმოყრა.

1 ნოემბერს პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრისას ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო დამატებით თანხების მიიღებს მხოლოდ იმ შემტხვევაში, თუ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები გაჩნდება. ასეთი პირობის შესრულება ძალზედ არარეალურია, რადგან პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2002 წლის ბიუჯეტში გარღვევა 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

თავის საჯარო გამოსვლებში პრეზიდენტ შევარდნაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ საქართველო ნატოსკენ მიისწრაფის. თუმცა, როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ნებას ზურგს ფინანსური შესაძლებლობები ვარ უმაგრებენ.
 
31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო საბჭოზე შეკრებილმა უმაღლესმა სამხედრო პირებმა შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნეს.

მიმდინარე წელს თავდაცვის ბიუჯეტის დეფიციტმა უკვე 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის გამო საქართველომ ვერ შეძლებს ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ 24 ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. ფინანსურმა პრობელების გამო თავდაცვის სამინსტრომ ასევე ვერ შეძლო რამოდენიმე დაგეგმილი სამხედრო წვრთნის ჩატარებაც. ახალგაზრდა ქართველმა პილოტებმა ვერ შეძლეს პრაქტიკული წვრთნების გავლა, რადგან ვერ მოხერხდა სამხედრო თვითმფრინავებისთვის საკმარისი საწვავის შეძენა.

ქართველი სამართალდამცავები განაგრძობენ ანტიკრიმინალურ ოპერაციას პანკისის ხეობაში. პრეზიდენტმა პუტინმა 26 ოქტომბერს კი განაცხადა, რომ რუსეთი “პასუხს გასცემს ტერორისტებსა და მათ მხარდამჭერებს ნებისმიერ ადგილას”. სწორედ ამ ფონზე, ფინანსთა მინისტრის განცხადებამ, რომ საქართველოს საგარეო საფრთხე აღარ ემუქრება, დეპუტატების მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

“მინდა ვიცოდე, ვინ შეგიყვანათ შეცდომაში რომ საგარეო საფრთხე აღარ არსებობს?” – კითხა ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარემ და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გია ბარამიძემ ფინანსთა მინისტრს, რაზეც გოგიაშვილმა უპასუხა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა.

თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული სამხედრო საბჭოს სხდომისას თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე საკმაოდ იმედგადაწურული ჩანდა. მან მოუწოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაეხედა შეიარაღებული ძალების დაფინანსების საკითხისათვის. “უშიშროების საბჭომ გადაწყვიტოს, საერთოდ, სჭირდება თუ არა საქართველოს თავდაცვა” – თქვა თევზაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ შეიარაღებული ძალების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წელიწადში სულ ცოტა 129 მილიონი ლარია საჭირო. ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ 2003 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია, მაგრამ ის 57 მილიონ ლარს არ აღემატება. თუმცა ბევრს ამ ბიუჯეტის შესრულებაც კი საკმაოდ ილუზორულად მიაჩნია.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button