ახალი ამბები

დაკავებულ ჩეჩნები შიშობენ, რომ მათ რუსეთს გადასცემენ

(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დაკავებული 8 ჩეჩენის ადვოკატები და ნათესავები გუშინ საღამოს ორთაჭალის საპყრობილის წინ შეიკრიბნენ. მათ დაკავებულების რუსეთში ექსტრადირების ეშინიათ.

როგორც ორი დაკავებულის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება 8 დაკავებულის რუსეთისთვის გადაცემას ორ დღეში აპირებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო არ გადასცემს რუსეთს დაკავებულ ჩეჩნებს, სანამ ცნობილი არ გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავებულთა ექსტრადირების ლეგიტიმურობის თაობაზე.

როგორც ნუგზარ გაბრიჩიძემ აღნიშნა, დადასტურდა, რომ დაკავებულთაგან ორი ქართველია და მათი რუსეთისთვის გადაცემა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
 
საქართველომ ოქტომბერში უკვე გადასცა რუსეთის მხარეს 5 ჩეჩენი. ამ ფაქტმა ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია.

ქართველმა მესაზღვრეებმა 13 შეიარაღებული ჩეჩენი 2-3 აგვისტოს საქართველო-რუსეთის საზღვართან დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში ედებოდათ ბრალი.

Back to top button