
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ელექტოენერგიის გამორთვის გამო პრობლემა შეექმნა
(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მეხუთე დღეა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძემ “სივილ ჯორჯიას” აცნობა, მათ შუქი თბილისის ენერგოგამანაწილებელმა კომპანია “ეი-ი-ეს თელასმა” უმიზეზოდ შეუწყვიტა. “ასე მუშაობა არ შეიძლება. ნოემბერში პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებს ვატარებთ. ამის გარდა, ვმუშაობთ ადგილობრივი არჩევნების შედეგების საბოლოო დამტკიცებაზეც” _ აღშფოთებას არ მალავს ჯუმბერ ლომინაძე. “ეი-ი-ეს თელასის” წარმომადგენელმა სოფიკო ბრიტანჩუკმა განაცხადა, რომ კომპანიამ 60 ათასი ლარის (28,7 ათასი დოლარი) დავალიანების გამო, მთლიანად გამოურთო იმ შენობას შუქი, რომელშიც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და საქართველოს საკონსტიტუციო საასამრთლოს გარდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაა განთავსებული. “იმ შენობაში ბევრი სამსახურია და ჩვენ არ ვიცით და არც გვევალება გავარკვიოთ, ვისი მიზეზით დაგროვდა ეს დავალიანება. შეიძლება საარჩევნო კომისიას შენობის ადმინისტრაციასთან ვალი დაფარული აქვს, მაგრამ თავად ადმინისტრაციას ჩვენი კომპანიის წინაშე დიდი ვალი აქვს დაგროვილი,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას ” სოფიკო ბრიტანჩუკმა. “ეი-ი-ეს თელასი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საერთო მრიცხველიდან გამოყოფას სთავაზობს. ამ პრაქტიკას იმავე შენობაში განთავსებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართა და ამიტომაც, ის ერთადერთია, რომელსაც შუქი მიეწოდება. ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მოვალეობაა. როგორც “სივილ ჯორჯიას” ამ უწყებაში აცნობეს, უკვე გამოყოფილია დავალიანების დასაფარი თანხები. თუმცა, სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას ცსკ-ს უშუქოდ დატოვების გამო, რადგანაც გადასახადებისთვის საჭირო თანხის გამოყოფა სახელმწიფომ დააგვიანა.