ახალი ამბები

საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისის ნავთობსადენისთვის მილებს ელის

(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისთვის საჭირო მილების პირველ ნაწილს საქართველო 4-5 იანვარს ფოთის ნავსადგურში მიიღებს.

“ეს სწრაფ სამშენებლო ტემპს ადასტურებს და სკეპტიკოსებს პროექტის წარუმატებლობის შესახებ ყოველგვარ ეჭვს უფანტავს,” აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა 2004 წელს უნდა დასრულდეს. მისი საერთო სიგრძე 1752 კილომეტრია, რომლითაც კასპიის ზღვის აუზის ნავთობი დასავლეთს უნდა მიეწოდოს. საქართველოზე მილსადენი 250 კილომეტრზე გაივლის და 6 რაიონს მოიცავს.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანია “პეტროფაკი” და ფრანგული კომპანია “სპი კაპაგი” უზრუველყოფენ. ნავთობსადენის მშენებლობისათვის 2,8 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.

Back to top button