
ქართველი და რუსი დეპუტატები პანკისის საკითხს განიხილავენ
(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მოსკოვს ეწვევა, სადაც ორი ქვეყნის დეპუტატები პანკისის ხეობის საკითხს განიხილავენ. სექტემბერში საქართველოსა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეთანხმდნენ, რომ პანკისის ხეობის პრობლემასთან დაკავშირებით ერთობლივი კომისია შეიქმნებოდა. ქართულ დელეგაციაში შედიან დეპუტატები არმაზ ახვლედიანი და ელენე თევდორაძე. 30 ოქტომბერს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში რუს დეპუტატებთან ერთად დაბრუნდება. ორი ქვეყნის დეპუტატები 31 ოქტომბერს პანკისის ხეობას ეწვევიან. ამ დროისთვის საქართველოს სპეცდანიშნულების ძალები პანკისის ხეობაში ოპერაციას ახორციელებენ, რომლის მიზანიც ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდაა. უშიშროების სამინისტროს ცნობით, ამჟამად ხეობაში 60-მდე უკანონოდ შეიარაღებული პირი იმყოფება.