ახალი ამბები

საქართველოს საელჩო ქართველ მძევალყოფილებს ეძებს

(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ნორდ-ოსტის” დრამიდან მესამე დღეს საქართველოს საელჩო რუსეთში კვლავ არკვევს იმ ქართველთა ვინაობას, რომლებიც რუსი სამართალდამცავების მონაცემებით, ჩეჩნებს 23-25 ოქტომბერს სხვებთან ერთად ჰყავდათ დატყვევებული მოსკოვის თეატრალურ ცენტრში.

საქართველოს საელჩოს პრესცენტრის უფროსმა ვახტანგ ტატუნაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის ქეთი ჭიპაშვილი სხვა მძევლებივთით გაზის მოწამვლით მოხვდა საავადმყოფოში. Dმისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია. დღეს ან ხვალ მას საავადმყოფოდან გაწერენ.

თავს კარგად გრძნობს ქართველი ექიმის ჯმუხაძის რუსი მეუღლე, რომელმაც საავადმყოფოში სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

საელჩო ეძებს ნაფეტვარიძეების ოჯახის სამ წევრს, აგრეთვე კიდევ ერთ ქართველ ანთიძეს. ვახტანგ ტატუნაშვილის თქმით, ეს გვარები საელჩოს პირველ დღესვე მოსკოვის იმ ოპერატიულმა შტაბმა მიაწოდა, რომელიც მძევლების განთავისუფლებისთვის შეიქმნა.

“დანამდვილებით არ ვიცით, ნამდვილად არსებობენ თუ არა ეს პიროვნები. ჩვენ, ჯერჯერობით, მათ ვერც ცოცხლებსა და ვერც დაღუპულებს ვერსად მივაკვლიეთ” _ აღნიშნა ვახტანგ ტატუნაშვილიმა.

საქართველოს დესპანი რუსეთში თემურ გამცემლიძე აცხადებს, რომ საელჩო ქართველ თანამემამულების საკითხის გასარკვევად 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს მოსკოვის შესაბიმის უწყებებთან. “ახლა ჩვენი მიზანი მძევალთა შორის მოხვედრილი თანამემამულეების საკითხის გარკვევაა” – აღნიშნავს დესპანი.

ქართველი თანამემულების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ამოქმედდა ცხელი ხაზი. ტელეფონის ნომრებია: საქართველოს საელჩო რუსეთში (095) 291-13-59, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (995 32) 98-94-52.

მსგავსი/Related

Back to top button