
დაღუპულ მძევალთა რაოდენობა 117-ს აღწევს
(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ბოლო ინფორმაციის თანახმად, ჩეჩნების მიერ დაკავებული კულტურული კომპლექსიდან გათავისუფლებულ მძევალთა შორის უკვე დაიღუპა 117 ადამიანი. შტურმის დროს შენობაში 800-მდე მძევალი იმყოფებოდა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყოფილ მძევალთა სიკვდილი ძლიერმოქმედმა გაზმა გამოიწვია, რომელიც სპეცრაზმელებმა შენობაში შტურმამდე გაუშვეს. ტელერადიომაუწყებლობის “ბიბისის” თანახმად, ყაზახეთისა და ნიდერლანდების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მოსკოვში განაცხადეს, რომ მათი თითო მოქალაქე მომწამვლელი გაზის მსხვერპლი გახდა. საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც შტურმის დროს კულტურულ კომპლექსში იმყოფებოდა, ამჟამად მოსკოვის საავადმყოფოებშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციის თანახმად, მძევლად აყვანილი იყო საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 117 ადამიანის დაღუპვის გამო 28 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.