ახალი ამბები

მძევალთა შორის მსხვერპლი 117-მდე გაიზარდა

მოსკოვის თეატრში მძევლების გასათავისუფლებლად განხორციელებული ოპერაციის შედეგად უკვე დაიღუპა 117 მძევალი. მათი უმრავლესობა ძლიერი ქიმიური მომწამვლელი საშუალებით გარდაიცვალა, რომელიც რუსულმა სპეცრაზმმა ოპერაციამდე გამოიყენა.

ამ დროისთვის მოსკოვის საავადმყოფოებში დაახლოებით 650 ყოფილი მძევალია მოთავსებული. მოსკოვის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მათგან 45-ის ჯანმრთელობა კრიტიკულია. საქართველოს საელჩო კვლავ არკვევს ოთხი ქართველის ბედს, რომლებიც სავარაუდოდ მძევალთა შორის უნდა ყოფილიყვნენ.

როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბასილევმა 26 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, შტურმის დროს მართლაც გამოყენებულ იყნა გაზი. თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები არ ასახელებენ იმ გაზის სახეობას, რითაც ტერორისტების გაუნებელყოფა მოხდა, რაც მოწამლული მძევლების მკურნალობას ართულებს.

რუსი სამართალდამცველების მონაცემებით მოკლულია 34 ტერორისტი. თუმცა სხვა წყაროების ცნობით, ოპერაციის დროს 50-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. მოკლულ იქნა “ბოევიკების” ლიდერი მოვსარ ბარაევი.

26 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია. მისი თქმით, შტურმის შედეგად “ასობით და ასობით ადამიანის სიცოცოხლე იხსნეს”.

წინასწარი ინფორმაციის თანახმად, შტურმისას გამოყენებული გაზით დაიღუპა ორი უცხოელი – ნიდელანდებისა და ყაზახეთის მოქალაქეები.

“ნორდ_ოსტის” დრამიდან მესამე დღეს საქართველოს საელჩო რუსეთში კვლავ არკვევს იმ ქართველთა ბედს, რომლებიც რუსი სამართალდამცავების მონაცემებით, ჩეჩნებს სხვებთან ერთად ჰყავდათ დატყვევებული მოსკოვის თეატრალურ ცენტრში.

საქართველოს საელჩოს პრესცენტრის უფროსმა ვახტანგ ტატუნაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ 15 წლის ქეთი ჭიპაშვილი სხვა მძევლებივთით გაზის მოწამვლით მოხვდა საავადმყოფოში. Dმისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია. დღეს ან ხვალ მას საავადმყოფოდან გაწერენ.

თავს კარგად გრძნობს ქართველი ექიმის ჯმუხაძის რუსი მეუღლე, რომელმაც საავადმყოფოში სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

საელჩო ეძებს ნაფეტვარიძეების ოჯახის სამ წევრს, აგრეთვე კიდევ ერთ ქართველ ანთიძეს. ვახტანგ ტატუნაშვილის თქმით, ეს გვარები საელჩოს პირველ დღესვე მოსკოვის იმ ოპერატიულმა შტაბმა მიაწოდა, რომელიც მძევლების განთავისუფლებისთვის შეიქმნა.

“დანამდვილებით არ ვიცით, ნამდვილად არსებობენ თუ არა ეს პიროვნები. ჩვენ, ჯერჯერობით, მათ ვერც ცოცხლებსა და ვერც დაღუპულებს ვერსად მივაკვლიეთ” _ აღნიშნა ვახტანგ ტატუნაშვილიმა.

საქართველოს დესპანი რუსეთში თემურ გამცემლიძე აცხადებს, რომ საელჩო ქართველ თანამემამულების საკითხის გასარკვევად 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს მოსკოვის შესაბიმის უწყებებთან. “ახლა ჩვენი მიზანი მძევალთა შორის მოხვედრილი თანამემამულეების საკითხის გარკვევაა” – აღნიშნავს დესპანი.

პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს თანაგრძნობა გამოთქვა დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დასძინა, რომ “ოპერაციის შედეგი, რომელიც გარდაუვალი იყო, მძიმე აღმოჩნდა”, თუმცა სასიხარულოა, რომ “750-ზე მეტი ადამიანი გადარჩა”.

“ტერორიზმსა და ამიანების მძევლად აყვანას გამართლება არ აქვს”, განაცხადა 28 ოქტომბერს მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

საქართველოს პრეზიდენტს მძევალთა გასათავისუფლებლად მიმართული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 ოქტომბერს მიაწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button