ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა და აღორძინება კონსულტაციებს მართავენ

(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ბლოკ “აღორძინების” წევრი სამი ფრაქცია – აღორძინება, გაერთიანებული საქართველო და XXI საუკუნე პრეზიდენტის იმპიჩმეტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით ახალ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კონსულტაციებს მართავენ.

როგორც კობა დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი შესაძლოა დსთ-იდან გამოსვლის ინიციატივაზე შევარდნაძის უარი გახდეს.

აგვისტოში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოყვანას ითვალისწინებდა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ საქართველო თანამეგობრობას არ დატოვებდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ხოლო პრეზიდენტი მის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად 79 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო.

Back to top button