
ხელახალი ოპერაცია პანკისში
საქართველო აშშ-ს ტერორიზმში ეჭვმიტანილები გადასცა? ოპერაციის განახლების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალეი ხაბურძანიამაც, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ხეობაში დაახლოებით 60 მებრძოლია დარჩენილი. 22 ოგტომბერს კობა ნარჩემაშვილი და ვალერი ხაბურძანია თელავში ჩავიდნენ და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან განიხილეს ოპერაციის დეტალები. ოპერაციის განახლების თაობაზ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2002 წლის აგვისტოში დაწყებული ანტიკრიმინალური ღონისძიების დასრულების შესახებ განცხადებიდან ერთი თვის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა პანკისის ოპერაცია შეაფასეს როგორც “უაღრესად წარმატებული”, აშკარაა რომ ჯერ კიდევ დიდხანს იქნება აუცილებელი სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა ხეობაში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. “ოპერაცია განხორციელდება მთელ რეგიონში, პანკისის ხეობის ტყეების ჩათვლით” – განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს პრეს-მდივანმა პაატა გომელაურმა 22 ოქტომბერს. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ შეიარაღებული პირები პანკისის ტყეებს აფარებენ თავს. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ნათელი ისინი დაბრუნდნენ რეგიონში წინა ოპერაციის დასრულების შემდეგ, თუ უბრალოდ ეს ტერიტორიები სათანადოდ ვერ იქნა გაწმენდილი აგვისტო-სექტემბერში განხორციელებული ანტიკრიმინალური ოპერაციისას. დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის წყაროები კიდევ უფრო მძაფრად ასახავენ პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას. როგორც ჟურნალმა “თაიმმა” 21 ოქტომბერს, ხოლო ერთი დღის შემდეგ “ვოშინგტონ პოსტმა” განაცხადა, რამოდენიმე კვირის წინ ქართულმა შენაერთებმა პანკისის ხეობაში წარმატებულად განახორციელეს რამოდენიმე ფარული ოპერაცია. საინფორმაციო საშუალებები ასევე იუწყებიან, რომ ამ საიდუმლო ოპერაციების შედეგად ქართველებმა ალ-ქაედასთან დაკავშირებული ათზე მეტი ტერორისტი დააკავეს და რამოდენიმე მათგანი აშშ-საც კი გადასცეს. “მათ შორის იყო რამოდენიმე არაბი, რომლებიც იქნენ დაკავებულნი და ეხტრადირებულნი აშშ-ში. გამოძიება შეერთებულ შტატებში გაგრძელდება” – განუცხადა ვოშინგტონ პოსტს პრეზიდენტ შევარდნაძის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ სატელეფონო ინტერვიუში 21 ოქტომბერს. როგორც მან აღნიშნა, დაკავებულ პირებს აღმოაჩნდათ არაბული ქვეყნების, როგორიცაა მაროკო და ეგვიპტე, და ევროპული სახელმწიფოების პასპორტები, მაგრამ ქართულმა მხარემ მათი ალ-ქაედასთან კავშირის საკითხის გარკვევა ამერიკელებს მიანდო. “არ ვიცით რამდენი იყვნენ იქ. შეიძლება სხვებიც იყვნენ დარჩენილნი. ჩვენ მათ ვეძებთ,” დასძინა იმნაძემ. “ჩვენ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს გადავცემთ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც,” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 21 ოქტომრბის ბრიფინგზე. სახელმწიფო კანცელარიის ეს განცხადებები აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის. “ჩვენ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ,” განუცხადა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პრეს-მდივანმა ნიკა ლალიაშვილმა “სივილ ჯორჯიას” 22 ოქტომბერს. უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ასევე თავი შეიკავა კომენტარისაგან. რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტევრიუში მან თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ განცხადებების კეთება. “მე არ გამაჩნია შესაბამისი მიმდინარე ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ინფორმაციის დადასტურება. რა თქმა უნდა ყველაფერი შესაძლებელია [მომხდარიყო]. მაგრამ პირადად მე დადასტურება არ შემიძლია,” განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა 23 ოქტომბერს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიაპრეზიდენტ შევარდნაძის მიერ პანკისის ხეობაში შეიარაღებულ მებრძოლთა ყოფნის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ქართველმა სამართალდამცავებმა 22 ოქტომბერს ხეობაში დარჩენილი შეიარაღებული დაჯგუფებებისა და კრიმინალების წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაცია დაიწყეს.