ახალი ამბები

პანკისში “ბოევიკები” დარჩნენ, ამბობს შევარდნაძე

(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ბოევიკების” ძირითადმა ნაწილმა, მათმა უმრავლესობამ, პანკისის ხეობა დატოვა, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი ჯერ-ჯერობით იქ რჩება”, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

“ვერ ვიტყვი, თუ რა ეროვნების არიან ისინი – არაბები თუ ჩეჩნები. მე უკვე ვუბრძანე სამართალდამცველებს, რომ მიდამო შეიარაღებული ადამიანებისგან გაწმინდონ”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შევარდნაძის ეს განცხადება მოულოდენლი იყო, ვინაიდან ერთი თვის წინ მან და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად იქ შეიარაღებული პირები საერთოდ აღარ იმყოფებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ პანკისის ოპერაციის საბოლოო და გადამწყვეტი ფაზა უკვე დასრულებულია. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპერაციას წარმატებული უწოდა და სამართალდამცველი ორგანოები შეაქო.

მსგავსი/Related

Back to top button