ახალი ამბები

ცხინვალი თბილისთან არ თანამშრომლობს

17 ოქტომბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს ქართველი პოლიციელების საგუშაგოების გახსნამ, რომელიც შიდა ქართლში კრიმინალური ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ცხინვალის ხელისუფლებისა და კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ჯარების გააღიზიანება გამოიწვია.

თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ სპეცღონისძიებათა მოქმედების გეგმა, რადგანაც ის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს უნდა განხორციელებულიყო, როგორც სამშვიდობა ძალებთან, ასევე ოსურ მხარესთანაც შეთანხმდა. “ჩვენ ვმოქმედებთ ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ და ერთობლივი მოქმედებების ჩასატარებლად ოს კოლეგებს თანამშრომლობაც კი შევთავაზეთ,” განაცხადა მინისტრმა ნარჩემაშვილმა.

“ჩვენს მიერ კონტროლირებად ზონაში არანაირი ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებას არ დავუშვებთ. ჩვენ შეგვწევს ამის უნარი,” განაცხადა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურმა ვასილი პრიზემლინმა 17 ოქტომბერს გამართულ ოთხმხრივი კომისსის შეხვედრაზე.

ცხინვალი თბილისის შეთავაზებას თანამშრომლობაზე არ დათანხმდა. პრინციპში, ეს გასაკვირი, ალბათ, არც არის, რადგან ერთობლივი ღონისძიებების შემთხვევაში, ოსები ქართველ სამართალდამცავებს ცხინვალში მოხვედრის საშუალებას მისცემდა.

“ჩვენ ოსების მიერ სამი ძებნილი ბოროტმოქმედი დავაკავეთ და ისინი ცხინვალს გადავეცით, ოსები კი ჩვენთან არ თანამშრომლობენ,” აღნიშნა “სივილი ჯორჯიასთან” საუბარში შიდა ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ნოდარ დალაქიშვილამა.

პანკისის მსგავსი ფართომაშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ხაზს უსვამს, რომ მათი მიზანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებია და არა ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება.

სპეცღონისძიების ჩასატარებლად ახლომახლო რაიონებისა და თბილისის პოლოციელები მოავლინეს. მათ შორის არიან დაცვის პოლიციის წარმომადგენლებიც. თუმცა საუბარი თავდაპირველად საგუშაგოებზე შინაგანი ჯარების ჩაყენებაზე იყო. ვინაიდან შინაგანი ჯარები საგუშაგოებზე არ ჩამდგარან, ამან ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლების შიში, რომ თბილისი კონფლიქტის ზონაში შესასვლელად ემზადება, უსაფუძვლო გახადა. თუმცა, შინაგანი ჯარიც პოლიციის ერთეულია და მინისტრ ნარჩემაშვილს ცხინვალის პროტესტის მიუხედავად, სპეცღონისძიებაში შინაგანი ჯარების ჩართვაც შეეძლო.

საგუშაგოები იმ გზებზე შეიქმნა, რომლებსაც ცხინვალში შევყავართ. დალაქიშვილის თქმით ოპერატიულ-სამძებრო სპეცღონისძიების ჩასატარებლად სამი საგუშაგოს გახსნით თბილისმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს ის მონაკვეთია, სადაც ყველაზე მეტი დანაშაული ხდება.

პოლიციის უფროსის ნოდარ დალაქიშვიის თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე მკვლელობა მოხდა, გზებზე კი 40 მანქანა დააყაჩაღეს. “დანაშაულებები იმ ადგილებში ხდება, საიდანაც ცხინვალი 10 წუთის სავალზეა დაშორებული. ვიდრე ჩვენ ამბავს შევიტყობთ, დამნაშავე თავს უკვე კონფლიქტის ზონას აფარებს თავს, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებს და ჩვენ უძლურნი ვხვდებით,” აღნიშნავს ნოდარ დალაქიშვილი.

საგუშაგოებზე 24-სათიანი მორიგეობაა დაწესებული. ამასთნავე, გზებს აკონტროლებენ პოლიციის მოძრავი პატრულები. წინა დღეებისგან განსხვავებით ახალმა რეჟიმმა დანაშაული შეამცირა, მაგრამ ჯერჯერობით, ის დანაშაულთა გამოვლენის ეფექტური საშუალება ვერ აღმოჩნდა. განვლილ მორიგეობებს ძებნილების დაკავება და იარაღის ამოღება არ მოჰყოლია.

თავის მხრივ, როგორც ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, 12 ოქტომბრიდან ანტიკრიმინალური ოპერაცია მატაც დაიწყეს და სამი დამნაშავეც დააკავეს. შიდა ქართლის პოლიციის უფროსი ნოდარ დალაქიშვილი ამ კველაფერს ეჭვქვეშ. “ჩვენ ოს კოლეგებს 38 ძებნილის სია გადავეცით, რომლებიც თავს კონფლიქტის ზონას აპარებენ, მაგრამ ყველა მათგანი კვლავ თავისუფლად დათარეშობს,” აცხადებს დალაქიშვილი.

ამასთან ერთად ცხინვალმა, რომელიც შიშობს, რომ ქართული მხარე ანტიკრიმინალურ ოპერაციას რეგიონზე ძალით კონტროლის აღსადგენად გამოიყენებს, შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გამოაცხადა.

რეგიონში მდგომარეობის დაძაბვამ ა.შ.შ. შეშფოთება გამოიწვია. 10 ოქტომბერს ვენაში გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე ამერიკის წარმომადგენლობამ აღშფოთება გამოხატა ოსური მხარის მიერ ძალების მობილიზაციის გამო და იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თბილისი ანტიკრიმინალურ ოპერაციას ცხინვალში შეჭრისთვის გამოიყენებს.

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button