ახალი ამბები

რუსი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე არ გადმოვლენ – კახა სიხარულიძე

(თბილისი, 18 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის მხარესთან საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ მიღწეული შეთანხმება არ ნიშნავს ქართველი და რუსი მესაზღვრეების მიერ ერთობლივი საომარი მოქმედებების ჩატარებას, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.

“ერთობლივი პატრულირება ნიშნავს ორი ქვეყნის მესაზღვრეთა კოორდინირებულ მოქმედებებს, ასევე ინფორმაციის გაცვლას მათ შორის”, – აღნიშნა სიხარულიძემ.

17 ოქტომბერს ერევანში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ და მისმა რუსმა კოლეგამ კონსტანტინ ტოცკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც წინასწარი შეთანხმება 6 ოქტომბერს იქნა მიღწეული ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის კიშინიოვის შეხვედრაზე.

საზღვრის ერთობლივი პატრულირება განხორციელდება რუსეთ-საქართველოს ინგუშეთის, ჩეჩნეთის და დაღესტნის მონაკვეთებზე.

მსგავსი/Related

Back to top button