ახალი ამბები

დაკავებული ჩეჩნების საქმესთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გაქურდეს

(თბილისი, 15 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთვრობო ორგანიზაციას “პატიმრების თანამეგობრობა” 14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ, განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლალი აფციაურმა.

ლალი აფციაური დაკავებული რობინზონ მარგოშვილის ადვოკატია. მარგოშვილი აგვისტოს დასაწყისში ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს. რუსული მხარე მისსა და დანარჩენი 7 დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს.

“ოფისიდან საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია გაიტაცეს. ჩემი აზრით, თავდახმა ჩეჩნების ექსტრადირებასთან არის დაკავშირებული”, განაცხადა ლალი აფციაურმა. არასამთავრობო ორგანიზაცია დაკავებულების ექსტრადირების წინააღმდეგია. 

13 დაკავებულიდან საქართველოს ხელისუფლებამ 5 უკვე გადასცა რუსულ მხარეს, რამაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. ექსტრადირების შეჩერებისკენ საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მოუწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button