ახალი ამბები

საქართველომ ევროპულ სასამართლოს დაკავებულ ჩეჩნებზე დოკუმენტაცია მიაწოდა

(თბილისი, 15 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოში დაკავებულ 11 ჩეჩენთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გაუგზავნა. დაკავებულთაგან ხუთი უკვე გადაეცა რუსულ მხარეს, რამაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 11 ჩეჩენისგან მიიღო წინასწარი განცხადება – შამაიევი და დანარჩენი 10 პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ.

სასამართლომ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეაჩეროს თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფ ჩეჩენთა ექსტრადირება, სანამ სასამართლო არ შეისწავლის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ექსტრადირების საფუძვლებისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ გადაცემული ჩეჩნების მიმართ განსახორციელებელი ზომების შესახებ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს განაცხადა, დაკავებულ ჩეჩნებს საქართველო რუსეთს მხოლოდდამხოლოდ საერთაშორისო სამართლისა და რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად გადასცემს.

13 ჩეჩენი, სავარაუდოდ მებრძოლები, ქართველმა მესაზღვრეებმა 3 და 5 აგვისტოს დააკავეს.

მსგავსი/Related

Back to top button