ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს სამდღიანი დაპირისპირება

“ლოკომოტივზე” ინციდენტი, ქართველი რაგბისტების გამარჯვებამ დაჩრდილა

რუსეთსა და საქართველოს სამდღიან სპორტულ დაპირისპირება საქართველოსთვის ერთი გამარჯვებით, ერთი წაგებითა და ერთიც გადადებული თამაშით დასრულდა. 

საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. დაძაბულ შეხვედრაში, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული რთული პოლიტიკური მდგომარეობაც ამძაფრებდა, “ბორჯღალოსნებმა” 13 ოქტომბერს, თბილისის ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრები 17:13 (14:13) დაამარცხეს. თამაშში ერთადერთი ლელო ქარტველმა ლევან ცაბაძემ გაიტანა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, რომ გუნდურ შეჯიბრებებში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდა. ამასთანავე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკელებიდან რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებმა შეძლო. გამარჯვებით გახარებულ ქართველ გულშემატკივართა ზეიმი თბილისში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ყველაფერი დაკარგული ჯერ რუსეთსაც არ აქვს. საქართველოსთან წაგების შემდეგ ის რეპეჟას გათამაშებაში ჩაერთვება და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად სამი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი უნდა დაამარცხოს.

საქართველო_რუსეთის თამაშმა კორექტულად ჩაიარა. რაგბის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ თამაში მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ამ მხრივ კმაყოფილი დარჩა რუსეთის დელეგაციაც. რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იური ნიკოლაევმა ქართველი კოლეგის ბიძინა გეგიძეს მისამართით  საუკეთესო მასპინძლობისთვის მადლობები არ დაიშურა.

რაგბისგან განსხვავებით ინციდენტით ჩაიარა, წინა დღეს “ლოკომოტივის” სტადიონზე საქართველო-რუსეთის ფეხბურთელთა ევრო-2004-ის შესარჩევმა შეხვედრამ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატა) თავმჯდომარე სერგეი მირონოვი ესწრებოდნენ.

პირველი ტაიმის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე სტადიონზე შუქი გამოირთო. რამდენიმე წუთში თამაში კვლავ განახლდა, მაგრამ როცა ფეხბურთელებმა უგოლო პირველი ტაიმი დაამთავრეს, სტადიონზე შუქი უკვე საბოლოოდ ჩაქრა. “ლოკომოტივს” მხოლოდ, სტადიონზე შეკრებილი დაახლოებით 30 ათასი მაყურებლის მიერ დანთებული ჩირაღდნები ანათებდნენ.

უეფას კომისარმა რუდოლფ ბატამ თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. წინასწარი მონაცემებით, გუნდები ერთმანეთს კვლავ თბილისში, ნოემბერში, ან 2003 წლის თებერვალ-მარტში დაუპირისპირდებია. შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქმეში ევროპის საფეხბურთო ასოციაცია უეფა ჩაერთვება.

უეფა განიხილავს თამაშის ჩაშლის მიზეზსაც. წინასწარი მონაცემებით, შუქის ჩაქრობა სტაბილიზატორის გადაწვამ გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია აცხდებს რომ ეს ფორსმაჟორი მდგომარეობა იყო და იმედოვნებს უეფა ამ გარემოების გათვალისწინებით სფფ-ს არ დააჯარიმებს. “წინასწარი მონაცემებით, დაჯარიმებას არ ვიმსახურებთ, მაგრამ შუქის გამორთვამ სულ მცირე, 200 ათასი დოლარით დაგვაზარალა. რუსეთის ნაკრების ხელახალი მასპინძლობისათვის ხარჯები ჩვენ უნდა გავიღოთ,” ამბობს მერაბ ჟორდანია  “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

“ლოკომოტივის” სტადიონი 2001 წლის 26 მაისს გაიხსნა. მან ფეხბურთსა და რაგბში 7 საერთაშორისო და ამხანაგურ, აგრეთვე ეროვნული ჩემპიონატისა და თასების თამაშს უმასპინძლა და აქამდე აქ ოდნავი ხარვეზიც არ მომხდარა.

სტადიონზე შუქის ჩაქრობის გამოსაკვლევად მრავალმხრივი სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელშიც ენერგეტიკისა და უშიშროების სამინისტროების, ასევე ფეღბურთის ფედერაციის, სტადიონის დირექციისა და სტადიონის მფლობელი რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები შედიან. საქართველოს უშიშროების სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან შეთანხმებით სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟის მუხლით აღძრა.

რუსეთ-საქართველოს შორის გამწვავებული ურთიერთობის გათვალისწინებით, სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ სტაბილიზატორის მწყობრიდან გამოყვანა  პროვოკაციაც ყოფილიყო, რის გამოც უშიშროების სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრას, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართა, იგი რუსეთის ნაკრების გამარჯვებით 0-3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა ახალგაზრდა რუსი ფეხბურთელები კარგი თამაშისათვის სტადიონიდან ტაშით გააცილეს და თამაშმაც ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა.  

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button