ახალი ამბები

საქართველო და რუსეთი საზღვრის ერთობლივი კონტროლის პროექტზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 14 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართული და რუსული მხარეები საზღვრის ერთობლივად გაკონტროლების შესახებ პროექტზე შეთანხმდნენ, განაცხადეს გუშინ, 13 ოქტომბერს, თბილისში საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ და რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმირ პრონიჩევმა.

“ერთობლივი პატრულირება რთული ღონისძიებების ერთობლივად გატარებასა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის უფრო ეფექტურად კონტროლს ნიშნავს”, განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

“ერთობლივმა პატრულირებამ არავინ არ უნდა შეაშფოთოს”, აღნიშნა ვლადიმირ პრონიჩევმა.

6 ოქტომბერს მოლდავეთში რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტები ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის დეპარტამენტებისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ საზღვრის ერთობლივი კონტროლი არ ნიშნავს ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციის განხორციელებას.

სავარაუდოდ, ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეთანხმებას 17 ოქტომბერს მოაწერენ ხელს.

მსგავსი/Related

Back to top button