ახალი ამბები

ამერიკელი და ქართველი ექსპერტები, პოლიტიკოსების შეხვედრა თბილისში

ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს კონფერენცია

10-11 ოქტომბერს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭომ გამართა მეხუთე წლიური კონფერენცია “საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების მშენებლობა”, რომელიც საქართველოში ბიზნესის განვითარების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს ეძღვნებოდა.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი, საქართველოს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მამუკა წერეთლის თქმით, კონფერენციის მიზანია, ქვეყნებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ფორმა გამოინახოს, მოხდეს კერძო ინვესტორების დაინტერესება, არსებული ბიზნეს-გეგმების საერთაშორისო ინვესტიციების გზით ხელშეწყობა.

კონფერენციის პირველი დღე ძირითადად საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. სტრატეგიული და პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის ვლადიმირ სოკორის განცხადებით, რუსეთი გავლენის შენარჩუნებას ცდილობს კავკასიაში და ამის გამო უკეთებს ეუთო-ს გადაწყვეტილებებს საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით უხეშ იგნორირებას.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა სვანტე კორნელმა რუსეთის შესახებ ძალზე კრიტიკული მოხსენება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, რადგან რუსეთის ზეწოლა აშკარაა. იგი უარს აცხადებს “კავკასიიდან ჯარების გაყვანაზე, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბაქო_თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტის უსაფრთხოებასაც”.

კონფერენცის მსვლელობისას გამომსვლელები საქართველოს ტეროტორიაზე არსებულ კონფლიქტებსა და მათი მოგვარების პრობლემებს შეეხნენ. “რუსეთს, როგორც დაინტერესებულ მხარეს, არა აქვს უფლება მოაგვაროს პრობლემები აფხაზეთში, რუსეთმა ხელოვნურად შექმნა პანკისის პრობლემაც”, განაცხადა ვლადიმირ სოკორმა.

კონფერენციის მეორე დღეს ძირითადი ყურადღება არალეგალური ბიზხნესის შეზღუდვაზე, ქვეყანაში არსებულ კორუფციის მაღალ დონეზე და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებისათვის შექმნილ პრობლემებზე გამახვილდა.

კონფერენციის მეორე ნაწილში წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი კომპანიებისა და ბიზნეს-გეგმების პრეზენტაცია მოახდინეს. “გალთ ენდ თაგართის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჯირდავამ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კონფერეენციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ქართველი ბიზნესმენებისათვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენს.
   
ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭო ამ ტიპის კონფერენციებს ყოველწლიურად ატარებს, სადაც აქცენტი, ძირითადად, კეთდება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯებესებაზე, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საბანკო სფეროს, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებაზე.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button