ახალი ამბები

ქართული მხარის თქმით, რუსეთთან ერთად ოპერაცია არ იგეგმება

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, რუსულ-ქართული შეთანხმება საღვრის ერთობლივად გაკონტროლების შესახებ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი და საქართველო ჩეჩენი მებრძოლების წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას განახორციელებენ.

8 ოქტომბერს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ერთობლივი ოპერაცია სრულიად გამორიცხულია”.

7 ოქტომბერს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია სასწრაფოდ მოსკოვს გაემგზავრა, სადაც მის რუს კოლეგას შეხვდა და მასთან ერთად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ ვითარებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე იმსჯელა.

“ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხაბურძანია მის კოლეგებთან ერთად კოორდინაციისა და ერთობლივი მოქმედების საკითხებს განიხილავს… (თუმცა) საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი ოპერაციის ჩატარება გამორიცხულია”, განაცხადა 8 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები 6 ოქტომბერს საზღვრის კოორდინირებულად გაკონტროლებასა და ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button