ახალი ამბები

რუსი ფეხბურთელებისა და მორაგბეების უსაფრთხოებას 4 ათასი პოლიციელი დაიცავს

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარდა გაფართოებული თათბირი, სადაც რუს სპორტმენთა უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს.

11 ოქტომბერს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე თბილისის ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე საქართველოსა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს, 12 ოქტომბერს ძირითადი ნაკრებები “ლოკომოტივის” უმშვენიერეს სტადიონზე ითამაშებენ.

13 ოქტომბერს უკვე საქართველოსა და რუსეთის მორაგბეები კვლავ პაიჭაძის  სტადიონზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებას იღებას.

საქართველოსა და რუსეთის სპორტულ შეხვედრებს ამ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა პოლიტიკურ ელფერს სძენს. ამიტომაც რუსებმა საქართველოს მთავრობას სპორტსმენთა და გულშემატკივართათვის უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოსთხოვეს.

ამ გარანტიების საბოლოო საკითხები გუშინდელ თათბირზე გადაწყვიტეს, რომელსაც სპორტის დეპარტამენტის, ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის პირველი პირები, აგრეთვე პოლიციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადაწყდა, რომ თამაშის დღეს ბილეთების გაყიდვა სამი საათით ადრე შეწყდება, სტადიონებზე აიკრძალება ალკოჰოლიანი და ნებისმიერ ბოთლში ჩამოსხმული სასმელების  გაყიდვა. თბილისის პოლიციის სამართველოს უფროსის მოადგილის, საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი პირის მიხეილ სალაძის თქმით, სტადიონებზე წესრიგს 4 ათასი სამართალდამცავი დაიცავს. თამაშის დღეებში სტადიონებთან შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. P

პოლიციას დაგეგმილი აქვს რუსი სპორტსმენების სასტუმროების დაცვის გაძლიერებაც. განიხილება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში სამხედროების ჩართვის საკითხიც.

სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მეძმარიაშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის მიერ გაცემული უსაფრთხოების გარანტიები მის რუს კოლეგას ვლადიმერ ფეტისოვს სრულად აკმაყოფილებს და ის თბილისში რუს სპორტსმენებთან ერთად სტუმრობას აპირებს.

მსგავსი/Related

Back to top button