ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაკავებული ჩეჩნების საქმეებს ითხოვს

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითხოვს, რომ 14 ოქტომბრამდე საქართველომ მას დაკავებული 13 ჩეჩენის საქმეები მიაწოდოს”, განაცხადა გუშინ, 7 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ცქრიალაშვილმა.

4 ოქტომბერს საქართველომ დაკავებული 13 ჩეჩენიდან რუსეთს 5 გადასცა. იმავე დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნა რეკომენდაცია, სადაც ნათქვამია, რომ სანამ სასამართლო არ გამოიძიებს დაკავებული ჩეჩნების საქმეებს, ისინი რუსეთის მხარეს არ უნდა გადაეცეს.

რადიო თავისუფლება ევროპის სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებული 7 ჩეჩენის ადვოკატი სასამართლოს 4 ოქტომბერს წერილობით დაუკავშირდა. წერილში ნათქვამი იყო, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში ჩეჩნებს არაადამიანური მოპყრობა და წამება ელოდათ.

3 და 5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა 13 შეიარაღებული ჩეჩენი დააკავეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისმა ქართველმა კოლეგამ ის დაარწმუნა, რომ საქართველო რუსეთს ყველა იმ ჩეჩენ მებრძოლს გადასცემს, რომლებიც თბილისის ორთაჭალის ციხეში წინასწარ დაკავებაში იმყოფებიან.  

მსგავსი/Related

Back to top button